ქართველი ქალის ამბავი, რომელიც ქმარმა მილიონად სხვას დაუთმო

ქართველი ქალის ამბავი, რომელიც ქმარმა მილიონად სხვას დაუთმო

აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო“ – იცით ამ ფრაზის ისტორია? მარტივად დასამახსოვრებელი სტრიქონია, თუმცა რეალურად ამ სიტყვების მიღმა, გერმანელი პრინც ოლდენბურგისა და ქართველი თავადის ქალის ტრაგიკული და პიკანტური სიყვარულის ისტორია იმალება. ძველ ქუთაისში დღესაც ახსოვთ მოხუცი ქალი, რომელმაც ნესტიან სარდაფში საოცარ სიღარიბეში დალია სული. ერთ დროს ამაყი და ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანი ცხოვრების სისასტიკემ ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ქუჩაში გასახელებლად ადევნებულ ბავშვებს ქვებს ესროდა და თავს გაქცევით შველოდა.

ოლდენბურგების დინასტია გერმანული წარმოშობისაა, ისინი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მეფობდნენ, მათ შორის დანიაშიც. ეკატერინე მეორის ეპოქიდან რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ეს ნათესაური კავშირით იყო განპირობებული. უფლისწული გიორგი ოლდენბურგი ალექსანდრე პირველის დაზე – ეკატერინე პავლოვნაზე დაქორწინდა, სწორედ მათი შვილიშვილები იყვნენ პრინცები – ალექსანდრე და კონსტანტინე. პრინცების მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდებოდა საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ: „გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო... ახლა რომ ვარ, ასეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ - სოფო ჯაფარიძე დასაკლებ პრეპარატებზე

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს უფროსმა პრინცმა ალექსანდრე ოლდენბურგმა გადაწყვიტა, შავი ზღვის სანაპიროზე კურორტი გაგრა გაეშენებინა, რომელიც უნიკალური და, ყირიმთან შედარებით, გაცილებით იაფი იქნებოდა. კურორტი გაგრა 1903 წელს გაიხსნა. ადლერისა და სოჭის მშენებლობაში კი საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღოდა უმცროს პრინც კონსტანტინეს, რომელმაც შემდეგ უკვე ქუთაისში შამპანურის ქარხანა ააგო და მალე დაუახლოვდა კიდეც ქუთაისის მაღალ საზოგადოებას. ამ პერიოდში საქართველოს სტუმრობდა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩიც, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებისთვის მოიწვიეს. ნაწარმოების პერსონაჟთა პროტოტიპებს ზიჩი ძირითადად საქართველოს ელიტარული საზოგადოებიდან ირჩევდა და ნატურებისთვის ცოცხალ სცენებს დგამდა. 1882 წელს კი ერთ-ერთ ასეთ სცენაში ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად აგრაფინა ჯაფარიძე მიიწვია. სწორედ აქ ნახა პრინცმა პირველად აგრაფინა ჯაფარიძე. მისმა ეგზოტიკურმა სილამაზემ პრინცი კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ გადაწყვიტა, მისი გულის მოსანადირებლად ყველაფერი ეღონა. ამ დროს აგრაფინა ჯაფარიძე უკვე გათხოვილი იყო დაცოლად ტარიელ დადიანს ჰყავდა.

„უხამსი წინადადება“

როგორ დათმო თავადმა დადიანმა ცოლი, ამის თაობაზე საკმაოდ სკანდალური ვერსია არსებობს. თითქოს პრინცი ისე გადარია კეკლუცმა აგრაფინამ, რომ გადაწყვიტა, მის დასაპატრონებლად მოკლე გზა მოეძებნა. ის პირადად ეახლა ტარიელ დადიანს და მის ცოლთან გატარებული ერთი ღამის სანაცვლოდ, მილიონი ოქრო შესთავაზა. ქმარს თურმე სიხარბემ სძლია და ცოლი დათმო. ამ საქციელმა ერთ წამში გააცამტვერა აგრაფინას თვალში ტარიელ დადიანის ავტორიტეტი და პრინცისადმი ადრევე გაჩენილი სიმპათია კიდევ უფრო გაუძლიერდა. აგრაფინა მაინც ამაყი ქალი იყო და არ სურდა ადვილი მისაწვდომი ყოფილიყო, ამიტომაც მოსთხოვა თურმე პრინცს, მისთვის ისეთი სასახლე აეგო, რომლის მსგავსიც მანამდე საქართველოში არავის ჰქონია.

ასევე ნახეთ VIDEO: „მე ვიცხოვრებ ამ ტვირთით მთელი დარჩენილი ცხოვრება“ - შვარცენეგერი ღალატისა და უკანონო შვილზე საჯაროდ ალაპარაკდა

კონსტანტინე ოლდენბურგმა საოცნებო ქალს ნატვრა აუსრულა, ბაღნარის ქუჩაზე (დღევანდელი კარგარეთელის ქუჩა) მდებარე მშენებარე სასახლე გამოისყიდა და თავადის ქალს ექვს თვეში მისი გასაღები ჩააბარა. ეს სასახლე ჯაფარიძის ქალისა და პრინცის საიდუმლო შეხვედრების ადგილად იქცა, სასახლის (დღევანდელი კინოსა და მუსიკის მუზეუმი) სიყვარულის კოშკი კი, როგორც ამბობენ, მრავალი ვნებიანი ღამის მოწმე გამხდარა. ტარიელ დადიანს კი მთელი საქართველო დასცინოდა, იმის გამო, რომ პრინცმა ცოლი წაჰგვარა. სულ მალე აგრაფინამ თავადი მიატოვა და პრინცთან ერთად თბილისის სასახლეში საბოლოოდ გადმოსახლდა.

ჩვენ მოვძებნეთ აგრაფინა ჯაფარიძის ძმისშვილიშვილი მაია იოსელიანი, რომელმაც მშობლებისგან მოსმენილი ამბავი გვიამბო: „ჩვენს ოჯახში ბევრს არ საუბრობდნენ ამ თემაზე, ამიტომ დეტალები კარგად არ ვიცი. აგრაფინა თავიდან დადიანის მეუღლე იყო. მან და პრინცმა, მგონი, წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი. როგორ გადაულოცა დადიანმა ცოლი პრინცს, ამის შესახებ არაფერი ვიცი. ისე, სულ ამბობდნენ, რომ აგრაფინას დადიანთან შვილი არ ჰყავდა, თუმცა, ასე არ ყოფილა. მგონი, მათ ჰყავდათ საერთო შვილი.

პრინცის შეყვარების შემდეგ აგრაფინამ დატოვა შვილი თუ თავად დადიანებმა არ გაატანეს, ახლა ძნელი სათქმელია, თუმცა თვითონ დადიანები მალავდნენ მერე ამ ბავშვს… რაც შეეხება აგრაფინასა და პრინც ოლდენბურგის ქორწინებას, მაინც არათანაბარი ქორწინება იყო და ამის გამო პრინცს პრინცობა ჩამოართვეს და გრაფობა მისცეს. პრინცის მამა მათი სიყვარულით აღტაცებული არ ყოფილა, მაგრამ პრინცი ამას არ ეპუებოდა. სხვათა შორის, როცა პრინცმა ქუთაისში შამპანურის ქარხანა ააშენა, ჩემი ბაბუა, ანუ აგრაფინას ძმა, იქ საქმეთა მწარმოებლად წაიყვანა. ოლდენბურგისა და აგრაფინას ოჯახი საკმაოდ მყარი ჩანდა, მათ ექვსი შვილიც შეეძინათ, თუმცა, როცა პრინცი საქართველოდან წავიდა, რატომღაც აგრაფინა მას არ გაჰყვა. თბილისის სასახლე მიატოვა და საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. შვილები კი მამას გაჰყვნენ და დედა აღარ მოუკითხავთ. ამის შემდეგ მათ კონტაქტი ნათესავებთანაც აღარ ჰქონიათ. როგორც ვიცი, ერთ-ერთი მათგანი შემდეგ ნიუ-იორკის მერის მოადგილე გახდა და საქართველოშიც ჩამოსულა ნათესავების მოსაძებნად, თუმცა რატომ ვერ მოგვაგნო, არ ვიცი. ახლა აგრაფინას შვილები ცოცხლები აღარც იქნებიან, რადგან, წესით, ას წელს გადაცილებულები უნდა იყვნენ“.

ამ სიყვარულის ისტორიაზე საინტერესო ამბავი გვიამბო დევი ჩიქოვანმაც: „აგრაფინასა და პრინცის ქორწინება უთანასწორო იყო, პრინცს არ შეეძლო, ცოლად თავადი ჰყოლოდა და ამ „ნაკლის“ გამოსასწორებლად პრინცის მამამ აგრაფინას გრაფინია ზარნიკაუს წოდება მიანიჭა. თუმცა პრინცი მასთან ბოლომდე არ დარჩა, ის საბოლოოდ პეტერბურგში გარდაიცვალა და იქვე ახლოს „პუსტინიაში“ დაკრძალეს. თავად გრაფინია 1927 წელს გარდაიცვალა, კომუნისტებმა მანამდე მას პრინცის მიერ დატოვებული ქონება წაართვეს და სული სიღარიბეში ამოხდა. რაც ქუთაისში მაქვს გაგებული, იმას გეტყვით, ძაძებში გახვეულს ქუჩაში დასდევდნენ ბავშვები: „გრაფინია, გრაფინიაო“. მაშინ ჩვენთან კომუნისტები მკვიდრდებოდნენ, ქუჩაში რომ დაინახავდნენ დაგლახავებულ, ძონძებში გამოწყობილ მოხუც თავადის ქალს, ყველა უკან მისდევდა. მისი დამნახავი კი ძნელად დაიჯერებდა, რომ გრაფინია აგრაფინა ერთ დროს ბრწყინვალე ოჯახის წევრი და პრინცის მეუღლე იყო“.

 

ავტორი: მარიტა დამენია 

„პრაიმტაიმის“ არქივი