1751056880
ქალწულთა დასი მიაცილებდა, ანთებული სანთლებით, საგალობლებით... სამი წლის მარიამმა სწრაფად აიარა კიბე - 4 დეკემბერი ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. მართლმადიდებლურ კალენდარში ეს 4 დეკემბერია.
ყოვლად წმინდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა. ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. და წმინდა ცოლ-ქმარს ღმერთმა ასული აჩუქა.
ყრმა მარიამი ღვთის მადლით ცხებული და მშობლების მზრუნველობით გარემოცული იზრდებოდა და განმტკიცდებოდა. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ როდესაც იგი ექვსი თვის გახდა, დედამ მიწაზე დასვა, სურდა გამოეცადა, შეძლებდა თუ არა ფეხზე დგომას. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და კვლავ მასთან დაბრუნდა, მაშინ მართალმა ანნამ ის ხელში აიტაცა და შესძახა: „ცხოველი არს ღმერთი ჩემი, შენ მიწას ფეხს არ დააკარებ მანამ, სანამდის უფლის ტაძარში არ მიხვალ“. ამის შემდეგ ანნამ თავის საძინებელ ადგილას განსაკუთრებული სამყოფელი მოაწყო, სადაც არანაირი უწმინდურება არ დაიშვებოდა, შეკრიბა უზაკველი ცხოვრების მქონე ებრაელი ასულები, რათა მათ ეზრუნათ ღვთივრჩეულ ყრმაზე.
როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცებულები და მეგობრები, სადღესასწაულო ნადიმი გადაიხადა, ამ შეკრებაზე მან მარიამიც მიიყვანა და ყველას სთხოვა, რომ იგი დაელოცათ. „ღმერთო მამათა ჩუენთაო, აკურთხე ყრმა ესე და განადიდე სახელი მისი ყოველთა ტომთა ზედა“. ამგვარი კურთხევა წარმოსთქვეს ღვთისმსახურებმა მარიამის მიმართ, ხოლო დამსწრეთ უპასუხეს: „ამინ, იქნას ესრეთ“.
მარიამს ორი წელი შეუსრულდა. გარშემომყოფნი განცვიფრებულნი იყვნენ მისი გულისა და გონების არაჩვეულებრივი განვითარებულობით, რომელიც ასაკს დიდად აღემატებოდა. მისი ბავშვური სიბრძნე კეთილისმყოფელ მზის შუქს ედრებოდა, მარიამი თავისი ასაკის სხვა ბევშვებს არ ჰგავდა და მართალი იოაკიმე ჩქარობდა, იგი აღთქმისამებრ ღვთის ტაძარში მიეყვანა, მაგრამ ანნამ, რომელსაც დედური გული ამოქმედებდა, სთხოვა, რომ კიდევ ერთი წელი გადაედოთ. ბრძენი მშობლები ასულს უფლის სამსახურისთვის ამზადებდნენ და მასში აყალიბებდნენ აზრს, რომ იგი ღვთისთვის ჰყავდათ აღთქმული, რომ ღმერთთან ყოფნა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მშობლებთან, რომ მშობლები ვერ მისცემენ იმას, რასაც ღმერთი მიჰმადლებს. „ისმინე ასულო და მოჰყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ“. - ამბობს დავით მეფე ფსალმუნში და აი, დადგა ღვთის წინაგანგებულების საიდუმლოს აღსრულების დრო. წმინდა ყრმა შედის წმიდათა წმიდათაში, რითაც დასაბამს იღებს ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო, ის ხომ აურაცხელ ცოდვათა გამო აქამდე მოკლებული იყო სასუფეველს.
ღვთიურ გადმოცემაში შემონახულია ყოვლადწმინდა ქალწულის ტაძრად მიყვანების დაწვრილებითი ცნობები.
ნაზარეთში ამ დღესასწაულზე იოაკიმესა და ანნას მრავალი ნათესავი და ახლობელი შეიკრიბა, აქვე იყო ნორჩ ქალწულთა, მარიამის თანატოლთა მთელი გუნდი, რათა იგი ტაძარში გაეცილებინათ. ყველა გაემართა იერუსალიმისკენ, რომელიც ნაზარეთიდან სამი დღის სავალით იყო დაშორებული. წმინდა ქალაქში შესვლის და იქ შვიდდღიანი მარხვითა და ლოცვით განწმენდის შემდეგ იმ ჩვეულების მიხედვით, რომელიც ტაძარში მსხვერპლის შემწირველებს უნდა დაეცვათ, იოაკიმე და ანნა თანამხლებლებთან ერთად ტაძარს მიუახლოვდნენ, ხელში ეპყრათ სამი წლის ასული - მიმადლებული მარიამი. უბიწო ქალწულთა დასი მიაცილებდა მას, ნაცნობები და ნათესავებიც თან მისდევდნენ. ყველა ანთებული სანთლებით ხელში ისწრაფოდა, რომ ქალწული მარიამის, მოხუცებული მშობლების ერთადერთი შვილის, ტაძრად მიყვანებაში წილი დაედო და წმინდა საგალობლებსაც აღავლენდნენ. ტაძრიდან ღვთისმსახურები გალობით გამოვიდნენ, მღვდელმთავარი ზაქარია წინ უძღოდა მათ.
კიბე, რომელიც ტაძარში შედიოდა, 15 საფეხურისგან შედგებოდა, იმ ფსალმუნთა რიცხვის მიხედვით, რომლებსაც ღვთისმსახურნი და ლევიტელნი თითოეულ საფეხურზე გალობდნენ - ტაძარში შესვლისას. მართალთა მშობელთა ღვთისათა ქალწული მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს. დამსწრეთა განსაცვიფრებლად სამი წლის მარიამმა სხვათა დაუხმარებლად სწრაფად და მხნედ აიარა კიბე და ბოლო საფეხურამდე ავიდა. აქ მას ღვთისმსახურებით გარშემორტყმული მღველთმთავარი ზაქარია დაუხვდა. მღვდელმთავარი ზაქარია იოანე ნათლისმცემლის მამა გახლდათ. მან ღვთის შთაგონებით, მარიამი არ დააყოვნა კიბეზე, სადაც ჩვეულებისამებრ მლოცველები დგებოდნენ, არამედ პირველი და მეორე კრეტსაბმელის გავლით ტაძრის სიღრმეში შეიყვანა - ე.წ. „წმიდათა წმიდაში“. აქ შესვლის უფლება არ ჰქონდათ არა მარტო ქალებს, არამედ ღვთისმსახურებსაც, თვით მღვდელთმთავარი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ხანგრძლივი მარხვის და ლოცვის შემდეგ შედიოდა, რათა საკუთარი და ხალხის ცოდვები სამსხვერპლო ცხოველის სისხლის პკურებით განეწმინდა, მაგრამ ეს ღვთის შთაგონებით მოხდა. ღვთისმშობელი შევიდა წმიდათა წმიდაში, ისევე, როგორც წარსულში აღთქმის კიდობანი, რომელიც კაცობრიობის მხსნელის - ქრისტეს დედის წინასახეს წარმოადგენდა. მას იქ მღვდელმთავარმა სალოცავად ადგილი მიუჩინა.
ამგვარად იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს; მოხუცებულმა მშობლებმა ასული ზეციური მამის ნებას მიანდეს, მას სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს და სახლში დაბრუნდნენ. აქებდნენ და ადიდებდნენ უფალს, საყვარელ ასულთან გამოთხოვების გამო არ ტიროდნენ, არც მარტოობის დარდი აწუხებდათ და არც მათი სიხარულის საგანთან განშორება. ისინი მადლობას უძღვნიდნენ ღმერთს, რომელმაც მოხუცებულობის წლებში ღვთაებრივი საჩუქარი მიჰმადლა მათ, ხარობდნენ, რომ ღირსნი გახდნენ, ეს საჩუქარი მისთვის მიეძღვნათ, ვინც ადამიანთა მოდგმას ნუგეში და სიხარული შეაცნობინა.
ყოვლადწმინდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. ის მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა. უფროსი ქალწულები, მღვდელთმთავრის კურთხევის მიხედვით, მას წმინდა წერილის კითხვასა და ქალის ხელსაქმეს შეასწავლიდნენ. კითხვის, საქმის და დასვენებისათვის განკუთვნილი ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, ტაძარში მხოლოდ სალოცავად შედიოდა.
ქალწული მარიამის ყოფნა ტაძარში განსაკუთრებული სისპეტაკითა და სიწმინდით გამოირჩეოდა, მისი ცხოვრებისეული წესი ღვთისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას აღძრავდა. დადგენილი კანონისამებრ ის ალიონზე დგებოდა და გადმოცემის მიხედვით, დღეში სამჯერ ლოცულობდა: დილით (9 საათამდე), შუადღისას (დაახლოებით 12-ზე) და ნაშუადღევის შემდეგ (დაახლოებით 9 საათზე). ასეთი იყო იმ დროს ღვთისმოსავი ხალხის ჩვეულება და ტაძრის მსახურთა მოვალეობა. დანარჩენი დროის განმავლობაში იგი წმინდა წიგნების კითხვით და ხელსაქმით იყო დაკავებული. საეკლესიო საგალობლებში არის მოწმობა იმის შესახებ, რომ წმინდა ანგელოზები ეცხადებოდნენ და ზეციურ საკვებს მიუძღვნიდნენ მას: ყოველდღიურად ნახულობდნენ და ესაუბრებოდნენ. მისი ყოფნა ტაძარში სულიწმიდის მიერ იყო ნაკურთხი. ხელსაქმედ ჰქონდა სელისა და მატყლის დართვა, უმეტესწილად საღვთისმსახურო შესამოსელს აბრეშუმით ქარგავდა. დობილებზე გაცილებით უკეთ უძღვებოდა ხელსაქმეს და მისი ბუნებრივი გონიერება წმინდა წიგნების კითხვით შესანიშნავად იყო განვითარებული, ღვთიური ზრახვებით და ლოცვით განმტკიცებული. წმიდათა წმიდაში მისი მიყვანიდან დაახლოებით ცხრა წლის განმავლობაში ღვთისმოშიშებითა და წმინდა გულით ცხოვრობდა და იღწვოდა. მოხუცებული ღვთისმსახურები მას უმზერდნენ, როგორც წმინდა ტაძრის ძვირად ღირებულ სამკაულს და ახლოს ისე არ გაუვლიდნენ, რომ ღვთისაგან მისთვის ლოცვა-კურთხევა არ გამოეთხოვათ.
უკვე მრავალი წელი იყო, მარიამი ტაძრის მფარველობაში იმყოფებოდა და მისი ცხოვრება კაშკაშა ცასავით უშფოთველი და უღრუბლო იყო, მაგრამ ტაძარში ცხრაწლიანი ცხოვრების შემდეგ ამქვეყნად პირველი მწუხარება განიცადა: დაკარგა მოხუცი მშობლები. პირველად გარდაიცვალა იოაკიმე (80 წლის), ხოლო შემდეგ კი მალევე ღრმადმოხუცებული ანნაც მიიცვალა.
როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.