„ქალს შეუნიშნავს, მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა...“ - დაუჯერებელი ამბავი ცოცხლად დამარხულ ბიჭზე

ვასილ ბუჩუკური

ბოლშევიკების შემოსვლამ ბევრი დაუჯერებელი ისტორია შექმნა. როცა ბედისწერა ამა თუ იმ ადამიანის მხარეს იყო, ტირანიით განთქმული ჩეკისტებიც კი უძლური იყვნენ.

მთიულეთში, დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში, იზრდებოდა ვასილ ბუჩუკური. ჯერ კიდევ პატარა, გამოირჩეოდა სწავლის მიმართ დიდი ინტერესით. მას ბედმა მძიმე ბავშვობის ხვედრი 5 წლის ასაკში არგუნა.

ვასილი, ოჯახის უფროსი შვილი დაობლდა. მას უმცროსი, 4 წლის ძმა, გიორგი და ერთი და, 3 წლის ოლია ჰყავდა. ბავშვებს მამა, ივანე ზრდიდა. მიუხედავად ღრმა ასაკისა, ოლიას ის მძიმე წლები დეტალურად ახსოვს.

იმ ავბედით დროს მისი უფროსი ძმა ორჯერ ცოცხლად დამარხეს ჩეკისტებმა, მერე ორი ომი გამოიარა და სასწაულებრივად გადარჩა. მაინც დაუბრუნდა სამშობლოს, სოფელს, ოჯახს...

ვასიკა ბუჩუკურის ისტორია პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე დაიწყო. 1918 წელს დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთში ბუჩუკურების ოჯახში უფროსი ვაჟის, ვასილის დაბადებას ზეიმობდნენ. სამი წლის შემდეგ გაჩნდა გიორგი, 1924 წელს - ოლია. პატარებს დედა როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ, სწორედ მაშინ გარდაეცვალათ. ივანე ბუჩუკურმა მეორედ იქორწინა. მათ ორი შვილი შეეძინათ. უმცროსი რამდენიმე თვის იყო, როცა დაიღუპა. შვილზე დარდს გადაჰყვა დედა. ივანე მეორედ დაქვრივდა...

ოლია ბუჩუკური: " ჩემი ძმა ვასილი პატარა იყო, როცა მამაჩემმა ბიძაჩემს დუშეთიდან თბილისში პირველად გააყოლა. იქაურობა ძალიან მოსწონებია, დედაქალაქის სიჭრელემ და ხალხის განსხვავებულობამ საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა - მე-4 კლასში იყო, როცა დილით სკოლაში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მამა ყველგან ეძებდა, მაგრამ ვერსად მიაგნო. თბილისში გაპარულა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი მძიმე, მაგრამ საინტერესო ცხოვრება. არავინ იცის, როგორ, მაგრამ ეს პატარა ბიჭი ლავრენტი ბერიას კართან აღმოჩნდა. ამხანაგ ლავრენტისთვის გაუმხელია ვასილს თავისი ბავშვური ოცნებები. მისი გამბედაობით აღფრთოვანებულ ბერიას საცხოვრებელი მუშათა ბანაკში, ხოლო სამუშაო მაუდის ფაბრიკაში მიუცია. სანიმუშო მოსწავლე იყო. ერთხელაც სოფელში ჩამოვიდა ლამაზი, გაზრდილი და დადინჯებული. სოფელი გაოცდა. რვეულში ფრიადები ჰქონდა სულ. პედაგოგები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველებას ახდენა არ ეწერა... 14 წლის იყო, ეროვნული მოძრაობის წევრი ახალგაზრდები რომ გაიცნო და ჩაერთო თავისუფალი საქართველოსთვის მებრძოლთა კავშირში.

დღე მუშაობდა და მეცადინეობდა, საღამოს ავლაბრის იატაკქვეშა სტამბაში პროკლამაციებს ბეჭდავდა, ღამით კი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში აკრავდა. ერთ საღამოს პროკლამაციებით დატვირთული ამავე სტამბასთან შინსახკომელებმა დააპატიმრეს. 14 წლის მთიული ბიჭი მეტეხის ციხეში ჩააგდეს. თუმცა არ გატყდა, არც ერთი თანამებრძოლი არ დაასახელა შეპირებული თავისუფლების სანაცვლოდაც კი. ჩემი ძმა დახვრეტას და გადასახლებას ასაკმა გადაარჩინა. რომ დაიჭირეს, მას მერე 15 წელი არაფერი გაგვიგია მის შესახებ. მამას მეზობლებმა ორჯერ სუფრაც გადაახდევინეს, ბიჭი ცოცხალი აღარ გყავს და მისი სულის საცხონებლად საკლავი უნდა დაკლაო. ზუსტად მაშინ თურმე ვასიკოს იმხანად გავრცელებული მუცლის ტიფი შეეყარა. ციხის უფროსის გადაწყვეტილებით, მომაკვდავი პატარა ბიჭი საავადმყოფოს ნაცვლად, ლოტკინის დასახლებაში, გარდაცვლილებთან ერთად ცოცხლად დაუმარხავთ. ჩემი ძმა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. შვილის საფლავზე მიმავალ უცხო ქალს შეუნიშნავს, რომ მიწის ზედაპირი ინძრეოდა. გათხარა და 16 წლის დაუძლურებული ბიჭი ამოიყვანა. ის ქალბატონი თამარ კაკუტია იყო. მასვე მოუსულიერებია და გადაუცია საპატიმროსთვის... იმ დროს მე დიდი ოჯახის პატარა დიასახლისი ვიყავი. პატარა ხელებით ვზელდი ცომს, ვერ ვერეოდი და ხელები მისივდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, დედის მოვალეობა ჩემს თავზე უნდა ამეღო. მაშინ 5 წლის ვიყავი, ჩემი ძმებიც პატარები იყვნენ. მამას კი მოჰქონდა საჭმელი, მაგრამ მახსოვს დღეები, როცა სახლში თანასოფლელი ბავშვები გვიცვივდებოდნენ და ობლებს ლუკმას გვართმევდნენ. სოფელს შიოდა..."

სანამ კომუნისტების ლოზუნგი "ყველაფერი ხალხს" მთამდე მიაღწევდა, ბუჩუკურების ოჯახი შეძლებულად ცხოვრობდა. ივანეს სამი დუქანი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს დააპატიმრეს - ბოლშევიკებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ივანე ბუჩუკური წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და 1924 წელს პარიზში შალვა ბერიძის დაფუძნებული პატრიოტული ორგანიზაცია "მომავლის" (იმავე წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის წინადადებით "თეთრი გიორგი" დაერქვა), დამფინანსებელი ყოფილა. სამი წელი ბავშვები მეზობლებისა და ნათესავების იმედად იყვნენ.

ოლია ბუჩუკური: "ერთ დღეს მეზობელმა მითხრა, უკვე ერთი თვეა თქვენს სახელზე ფოსტაში წერილია მოსული და არ უნდა მიაკითხოთო? მაშინვე გავვარდი. სამკუთხა გაყვითლებული ფურცელი მომაჩეჩეს, რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ ვერაფერი გავიგე, ვინ რას იწერებოდა. გაუგებარი შინაარსის გზავნილი ბიცოლასთან წავიღე. იმანაც რამდენჯერმე გადაიკითხა და უცებ გაოცებულმა მითხრა, ეს ვასილის წერილიაო... ახალი ამბით გახარებული, კახეთში კითხვა-კითხვით ჩავედი მამასთან, რომელიც მაშინ ანაგაში მუშაობდა. ვუთხარი, ვასიკოსაგან წერილია-მეთქი. მთელმა სოფელმა იზეიმა, ხარიც კი დაკლეს, ძია ვანოს შვილი გამოუჩნდაო... სრულად