დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მამუკა ბადრიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე ემოციურ ამბავს იხსენებს:
„როცა დასაბეჭდად მზადდებოდა წიგნი ,,ჩემი პატრიარქი”, გამომცემლებმა შემომთავაზეს, რომ მის ფურცლებზე უწმინდესის შესახებ რაღაც მომეთხრო. ჩემდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, მიუხედავად სურვილისა, ამის გაკეთება ვერ შევძელი.
უნდა ვაღიარო, რომ დღიდან იმ წიგნის გამოსვლისა დღემდე არ მასვენებს სინანულის განცდა იმისა, რომ ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, ვერ მოვყევი სწორედ მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა.
როცა მამა გარდამეცვალა, საშინელი სიცარიელე ვიგრძენი. მეგობარმა მირჩია, იქნებ ეკლესიური ცხოვრება გეცადა, გაგაძლიერებსო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომისა თუ ცხოვრების არასწორი წესის გამო ეს ჩემთვის სულაც არ იყო იოლი, ტაძრამდე როგორღაც მივაღწიე და პირველი აღსარებაც გავბედე. ამის მერე ისეთი სულიერი სიმსუბუქე ვიგრძენი, როგორსაც მხოლოდ პირველად აღსარებანათქვამი ადამიანები განიცდიან ხოლმე.
დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მჭირდებოდა, რასაც უთუოდ შეეძლო ჩემი რწმენის განმტკიცება ან, უფრო სწორად, ჩემი სულის გადარჩენა. იმავე მეგობარმა მირჩია, თუ სამებაში მიხვალ და პატრიარქი დაგლოცავს, ყველაფერს მაშინვე მიხვდებიო. მანვე ამიხსნა, ტაძრის რომელ ნაწილში უნდა დავმდგარიყავი, რათა წირვის დასრულებისთანავე უწმინდესს აუცილებლად დაველოცე. ეს იყო ადგილი ტაძრის მთავარი შესასვლელიდან დაახლოებით ექვსიოდ ნაბიჯში, ანუ იქ, სადაც გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, პატრიარქი პატარა ხალიჩაზე რამდენიმე წამი ჩერდებოდა ხოლმე.
მივედი სამებაში. წირვის ბოლოს სწორედ იქ დავდექი, სადაც უნდა დავმდგარიყავი. ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ჩემი ,,გათვლით” უნდა მომხდარიყო. უწმინდესი მიმიახლოვდა, მისთვის დამახასიათებელი სათნოებით შემომხედა და ალბათ დამლოცავდა კიდეც, რომ არა ვიღაც ორმეტრიანი კაცი, რომელიც წინ ჩამიდგა და პატრიარქამდე მისასვლელი გზა უიმედოდ გადამიკეტა.
ილია II, რომელსაც შლეიფივით მისდევდა საეპისკოპოსო დასი, გზას დინჯი, მტკიცე ნაბიჯით მიუყვებოდა და დაახლოებით ათ მეტრის გავლის შემდეგ, როცა გულდაწყვეტილმა ვინატრე, იქნებ ჩემკენ მობრუნებულიყო და დაველოცე, შეჩერდა. მასთან ერთად გაჩერდნენ სხვებიც. პატრიარქი ნელა მოტრიალდა და ასეთივე ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. როცა ახლოს მოვიდა და თვალებში ჩემთვის იქამდე უცნობი მზერით ჩამხედა, ვიგრძენი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას წიგნივით, ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც, სიტყვა-სიტყვით კითხულობდა. თან მდუმარე, მაგრამ მეტყველი თვალებით მეკითხებოდა: ,,ხომ კარგია ეკლესიური ცხოვრება?”, ,,ნუთუ ასე არ ჯობია?”. მერე თავზე ხელი დამადო და დამლოცა.
ვისაც ერთხელ მაინც ხვდომია წილად მისი დალოცვის მადლი, უმალ მიხვდება, თუ რა განვიცადე. ეს იყო უწონადობის მსგავსი მდგომარეობა, რომლის მსგავსიც მოგვიანებით წმინდა ნიკოლოზის ხატთან თუ მიგვრძვნია…
წამომივიდა ცრემლი, რომელიც წყლის ნაკადს უფრო ჰგავდა და დაახლოებით ნახევარი საათი თუ უფრო მეტი, განწმენდის, არაამქვეყნიური სისუფთავისა თუ სიწმინდის ემოციით მავსებდა.
ასეთი წუთების შემდეგ ადამიანი მეყსეულად ხვდება, რომ ის ვეღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. და თუ ოდესმე უნდა შემეგრძნო ჭეშმარიტების წამი, ეს სწორედ ის წამი იყო.