პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სერიული მკვლელის გამოსახულებას ადამიანის ცნობიერში ძირითადად მამაკაცის სახე გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის მიხედვით აღნიშნულ სფეროში მამაკაცები მეტად დომინირებენ, არსებობენ ქალები, რომლებმაც მათი ნარატივებით, მეთოდებითა და მოტივებით კრიმინოლოგიასა და კრიმინალისტიკაში წარუშლელი კვალი დატოვეს და საზოგადოებას აჩვენეს, რომ ბოროტებას გენდერული საზღვრები არ გააჩნია. აღნიშნული ფენომენის შესწავლა საზოგადოებას დაანახვებს, რომ ქალებს შეუძლიათ ისეთივე შემზარავი მკვლელობების ჩადენა, რასაც ადამიანების დიდი ნაწილი მხოლოდ მამაკაცისგან თუ ელოდება. სერიების ფარგლებში წარმოგიდგენთ ქალებს, რომლებმაც ისტორიას თავები მამაკაცებზე არანაკლებ საზარელი დანაშაულებით დაამახსოვრეს.
ამელია დაიერი ბრიტანეთის ისტორიის ყველაზე სასტიკ მკვლელებს შორის ერთ-ერთ „მოწინავე“ ადგილს იკავებს, რადგან დღემდე ითვლება, რომ მან ასობით ჩვილის სიცოცხლე შეიწირა. მის წინააღმდეგ დაწყებულმა სამართლებრივმა დევნამ "ბავშვთა მეურნეობის" ვიქტორიანული პრაქტიკა ყურადღების ცენტრში მოაქცია.
1896 წლის 30 მარტს, რიდინგში, მდინარე ტემზას ნაპირიდან აგურით დამძიმებული ყუთი აღმოაჩინეს. შიგნით თეთრეულით, გაზეთითა და ყავისფერი ქაღალდით გახვეული პატარა ჰელენა ფრაის გვამი იპოვეს. ბავშვს ყელზე თეთრი ლენტი ჰქონდა შემოხვეული. ამ შემზარავმა სანახაობამ დეტექტივები კიდევ უფრო საზარელ აღმოჩენამდე მიიყვანა.
1937 წელს დაბადებულმა ამელია დაიერმა მძიმე ბავშვობა გამოიარა. მას ადრეული ასაკიდანვე მოუწია ფსიქიკურად დაავადებულ დედაზე ზრუნვა. ზრდასრულ ასაკში ის მედდა გახდა, თუმცა სწავლისას შეძენილი უნარ-ჩვევები ადამიანების დასახმარებლად არასდროს გამოუყენებია.
ვიქტორიანულ ინგლისში "ბავშვთა მეურნეობა" გავრცელებული პრაქტიკა გახლდათ. იმ დროისთვის კანონი მამებს არაოფიციალური შვილების ფინანსურ უზრუნველყოფას არ ავალდებულებდა, რის გამოც ბავშვის დედებს დაუღალავი შრომა უწევდათ. "ბავშვთა ფერმერები" მშობლებს აჯერებდნენ, რომ მათ შვილებს ბედნიერ ბავშვობას აჩუქებდნენ და თანხის სანაცვლოდ არასასურველ ბავშვებზე ზრუნავდნენ, თუმცა, ბევრი მათგანი აღსაზრდელებს ცუდად ეპყრობოდა და მეტიც, კლავდა კიდეც. მათ შორის იყო ქალბატონი დაიერიც, რომელიც კლიენტებს არწმუნებდა, რომ მის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვები უსაფრთხო და მოსიყვარულე გარემოში გაიზრდებოდნენ.
სინამდვილეში დაიერის აღსაზრდელები შიმშილითა და უყურადღებობით კვდებოდნენ. ქალი შიმშილით დატანჯულ ჩვილებს დასამშვიდებლად ოპიუმის შემცველ სიროფს ასმევდა. ვიქტორიანულ ინგლისში სოციალური პირობებიდან გამომდინარე ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა დაიერს დანაშაულთა ჩადენაში ხელი შეუწყო და მან წლების განმავლობაში პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა მოახერხა. 1879 წელს ექიმები მისი გარდაცვლილი აღსაზრდელების სიმრავლემ დააეჭვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაიერს ბრალი მხოლოდ გულგრილობაში წაუყენეს და ექვსთვიანი შრომა მიუსაჯეს.
სასჯელის მოხდის შემდეგ, ქალი ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. დამატებითი რისკის თავიდან ასაცილებლად მან ექიმებისგან მალულად, თავად დაიწყო ცხედრების განადგურება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და იყენებდა სხვადასხვა სახელებს.
პატარა ჰელენა ფრაის საქმის გამოძიებამ სამართალდამცველები ქალბატონ დაიერამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მის საცხოვრებელსა და სამუშაო ადგილას ვერაფერი აღმოაჩინეს, იქ მყოფი კრიმინალისტები გვამების მძაფრმა სუნმა შეაწუხა. მოგვიანებით კი მდინარეში სხვა ბავშვების გვამებიც აღმოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს ჰქონდა შემოხვეული თეთრი ლენტი.
დაიერი 1896 წლის მარტში გაასამართლეს. ნაფიც მსაჯულებს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ. მან მხოლოდ ერთი მკვლელობა აღიარა, თუმცა, ითვლება, რომ მას 400-მდე ბავშვი ჰყავს მოკლული. 1896 წლის 10 ივნისს ამელია დაიერი ჩამოახრჩვეს.
ასევე ნახეთ:
"კანალიზაციის მილებიდან ბავშვის ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები და გული ამოიღეს" - იოახიმ კროლის საქმე
"მსხვერპლის თავის ქალას და სასქესო ორგანოს სახლში ინახავდა" - სერიული მკვლელის საქმის დეტალები