„ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა... ახალგაზრდები გარეთ გაცვივდნენ. მხოლოდ გოგონა დარჩა იატაკს მიყინული...“ - სასწაული, რომელმაც ყველა შეძრა

ნიკოლოზობა

ეს ამბავი ქალაქ სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს 1956 წელს გადახდა. წმინდა ნიკოლოზმა მკრეხელობისათვის გოგონა დასაჯა...

"ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, ერთი  მორწმუნე ქალის შვილმა - ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას, ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. საღამოს დედა ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე. სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა.

ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა თხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა:

"თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!" ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა.

მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.

გამოძახებაზე მოსული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, იღუნებოდა და ტყდებოდა ზოიას ქვად ქცეულ სხეულზე. უნდოდათ მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან ზოიას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.

როცა ეკლესიიდან დედა დაბრუნდა და შვილი ასეთ ყოფაში ნახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. იგი მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი ქალიშვილისთვის და დაებრუნებინა სასიცოცხლო ძალა. პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნეები, სასულიერო პირები. მაგრამ მალე ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო მითითება და გარეშე პირთაგან სახლში არავის უშვებდნენ. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. იმ მორიგეთაგან, რომლებიც, ძირითადად, 25-32 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მრავალი ნაადრევად გაჭაღარავდა სიტყვების გამგონე, რომელსაც ზოია დროდადრო შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით, დედა, ილოცე! ილოცე!!!" - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზოია ჩვეულებრივად აღებდა პირს, მაგრამ მათი დასრულებისთანავე ბაგეები ეკუმებოდა, ქვასავით უმაგრდებოდა და მხოლოდ თვალებს აცეცებდა უაზროდ.

მოგვიანებით ზოიასთან რამდენიმე ადამიანი დაუშვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა მედიცინის პროფესორმა მხრების აჩეჩვით დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაქვავების ფონზე. დედის თხოვნით მოიწვიეს სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ვერც გოგონას ადგილიდან დაძვრა მოახერხეს და ვერც ის, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მისი ხელებიდან გამოეხსნათ. მოგვიანებით, ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ხატი და სათანადო პატივის მიგების შემდეგ იგი ადრინდელ ადგილზე დააბრუნეს. "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც ის აღდგომისთვის მოგვივლენს. თუ ასე არ მოხდა, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული".- თქვა ბერმა. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც. სრულად