ნახეთ, ვინ იყვნენ თულუხჩები ძველ ტიფლისში

თულუხჩები

ძველად ტფილისის მოსახლეობა სასმელი წყლით ძირითადად მდინარე მტკვრიდან მარაგდებოდა. წყლის მოპოვება მდინარის მიუდგომელი, დახრამული ადგილების გამო ყველგან ვერ ხერხდებოდა, ამიტომ მდინარეზე მოწყობილი იყო სპეციალური მისასვლელი ბილიკები, საიდანაც წყლის მზიდავები – თულუხჩები – ტფილისელებისთვის სუფთა წყალს ეზიდებოდნენ.

რუმბი, იგივე თულუხი, ხარის ან კამეჩის ტყავისგან მზადდებოდა და დაახლოებით 16 ლიტრამდე წყალს იტევდა. თულუხს წყლით ფართო პირიდან ავსებდნენ, წყლის ჩამოსასხმელად კი მას ვიწრო ყელი, ე.წ. სახელო ჰქონდა.

ხშირად თულუხჩები თულუხთან ერთად სპეციალურ საწყაოს (სათლს) ატარებდნენ. ერთი საწყაოს ფასი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა მანძილიდან, მტკვრის რომელი სანაპიროდან მოჰქონდათ წყალი. ამიტომ წყლის საფასური ერთიდან სამ კაპიკამდე მერყეობდა. თულუხჩი გაყიდული წყლის საფასურს მუშტრისგან კვირის ბოლოს იღებდა. XIX საუკუნის 70-იან წლებში ტფილისში 240-მდე თულუხჩი იყო, რომლებიც, ხელოსნების მსგავსად, თავიანთ ამქარში იყვნენ გაერთიანებულნი.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, ქალაქის განვითარებასა და მოსახლეობის მატებასთან ერთად, წყალზე მოთხოვნაც თანდათან გაიზარდა. ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებითა და ხელშეწყობით, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ტფილისში არაერთი წყალსადენი თუ წყალსაქაჩი გაკეთდა, რამაც მეთულუხჩეების პროფესიის თანდათან გაქრობა გამოიწვია.

წყარო: nationalgeographic.ge