პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პაატა ყურაშვილი დაიბადა 1966 წლის 3 აპრილს, ქ. ბაღდადში, ელგუჯა და ლამარა ყურაშვილების მრავალშვილიან ოჯახში. ის იყო ოჯახის მეოთხე შვილი და პირველი ვაჟიშვილი. 8-წლიანი სასკოლო განათლების მიღების შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და მუშაობა დაიწყო მავთულბადის საამქროში, პარალელურად სწავლა განაგრძო პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1984-1986 წლებში უნგრეთში გაიარა საბჭოთა ჯარის სამსახური. ჯარიდან დაბრუნებული ის რამდენიმე ხანში ოჯახის თანადგომის მიზნით სამუშაოდ გაემგზავრა უკრაინაში, საიდანაც ერთ წელიწადში დაბრუნდა.
საქართველოში მისი დაბრუნება დაემთხვა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ხანას. პაატამ გამოავლინა დიდი ინტერესი ქრისტიანული სარწმუნოებისადმი, მოინათლა მართლმადიდებლური წესით, მოხდა მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება და იპოვა საკუთარი მოწოდება. სულ მალე მიიღო გადაწყვეტილება, მთელი თავისი ცხოვრება ღვთის სამსახურს მიუძღვნას.
ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, პაატამ დატოვა მშობლიური სახლი და დაადგა სასულიერო გზას. ის დამკვიდრდა აჭარაში, სხალთის წმინდა ანდრია მოციქულის მონასტერში. 1992 წლის 3 აპრილს, დაბადების დღეზე, პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია უწოდეს. ხოლო იმავე წლის აგვისტოში მღვდელ მონაზვნად აკურთხეს და სხალთის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. აქ მამა ანდრია შეხვდა არქიმანდრიტ დანიელს (შემდგომში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი) და მისი სულიერი ხელმძღვანელობით განაგრძო მოღვაწეობა. მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა, ის მუდამ ღმერთზე ფიქრობდა, მას სურდა თავისი ბერული ღვაწლით დიდი წმინდა მამების ტოლი და ღირსი გამხდარიყო.
ამასობაში აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. მამა ანდრიას მოძღვარი არქიმანდრიტი დანიელი ცხუმ-აფხაზეთის მღვდელმთავრად დანიშნეს და ის სოხუმში გაემგზავრა. მამა ანდრიას უნდოდა, რომ თავის მოძღვართან ახლოს ყოფილიყო, ამიტომ მან თხოვნით მიმართა მეუფე დანიელს, რომ იგი სოხუმში გადაეყვანა. 1993 წლის თებერვალში მამა ანდრია უკვე სოხუმშია, ხოლო სულ მალე მას კამანის წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვრობა დაავალეს.
აფხაზები ვერ ახერხებდნენ პირდაპირი გზით სოხუმში შესვლას, რადგან გუმისთა საფუძვლიანად იყო გამაგრებული, ამიტომ ისინი ცდილობდნენ შემოვლითი გზით აეღოთ კამანი და მოეხდინათ ქალაქზე შტურმი. ამისათვის მათ, ეშერიდან კამანამდე 15-20 დღის განმავლობაში, გზაც კი გაიყვანეს, რათა მიუვალ ადგილებში სამხედრო ტექნიკა თავისუფლად გაეტარებინათ, მაგრამ მაშინ კამანელთა გაფრთხილების მიუხედავად, ქართულ მხარეს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. კამანი ძირითადად სვანებით დასახლებული ტერიტორია იყო. სოფლის მკვიდრმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მტრის ოთხი შემოტევა მოიგერია, ყველამ კარგად იცოდა, რომ კამანის დაცემა სოხუმის დაცემას ნიშნავდა.
მამა ანდრიას კამანში, როცა ის ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს, მძიმე ვითარება დახვდა. უნდა ითქვას, რომ მამა ანდრიას გამოჩენას კამანში დიდი სიხარულით შეხვდა იური ანუა და მისი ოჯახი, ის ანუებმა ღვთის მიერ მოვლენილ ნუგეშად მიიღეს, მამა ანდრია დაუღალავად ასრულებდა ღვთისმსახურების წესს, ამხნევებდა მეომრებს და იმედს უსახავდა სასოწარკვეთილ ადამიანებს. მტერი არ ცხრებოდა და კამანის ასაღებად ახალი ძალებით ემზადებოდა. ქართულ მხარეს კი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, სამხედრო შენაერთები გაჰყავდა. სოხუმის შტაბმა ყურად არ იღო კამანელთა თხოვნა სამხედრო ძალებით დახმარების შესახებ, მხოლოდ ცრუ დაპირებით შემოიფარგლა. იმის ნაცვლად, რომ კამანი გამაგრებულიყო, იგი ქართულმა შენაერთებმა მიატოვეს.
1993 წლის 5 ივლისს მოხდა ის, რისი წარმოდგენაც მაშინ, ალბათ, არავის შეეძლო. აფხაზებმა კამანი ალყაში მოაქციეს. მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მტრის 1 500-კაციანი, კბილებამდე შეიარაღებული ბოევიკის პირისპირ 35 კამანელი მარტო აღმოჩნდა. დახმარება კი არსაიდან იყო. უდიდესი საფრთხის მიუხედავად, მამა ანდრიამ არ მიატოვა ეკლესია და მრევლი, მან ამ ნაბიჯით მაგალითი მისცა, გაამხნევა და დაარწმუნა იური ანუა, თავის ოჯახთან ერთად, კამანში დარჩენილიყო. განაგრძეთ კითხვა
ასევე ნახეთ:
სურვილების ახდენის და საუკეთესო დროა ბედ-იღბლის კორექციისთვის - ასტროლოგი საზოგადოებას მიმართავს
დღეს არ აიღოთ სესხი, არ დაიწყოთ ახალი საქმეები... - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი