პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, იტალიურ ეზოში სომეხი პეტო ცხოვრობდა, რომელიც ეზოშივე მზესუმზირასა და ტკბილეულს ყიდდა. ძირძველ დოლიძელებს ახსოვთ ეს ღიპიანი და ზომიერად ჩაპუტკუნებული კაცი და სიყვარულით იხსენებენ, თუმცა მისი გვარიც კი არავინ იცის. – უბრალოდ, დოლიძელი პეტო იყოო, – მითხრეს რესპონდენტებმა.
მადონა:
„პეტოს მთელი დოლიძე იცნობდა. ბავშვობაში ფულს რომ მჩუქნიდნენ, სულ მაგასთან ვხარჯავდი. ადრე იყო ასეთი საღეჭი რეზინი - „პედრო“ და პეპო „პიტროს“ ეძახდა. ერთხელ მივიდნენ ახალგაზრდები მზესუმზირას საყიდლად და ამ დროს ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანა დგას. კიბეზე საკაცით ჩამოიყვანეს მისი ცოლი, რომელიც ცუდად გამხდარა და მიჰყავთ. ამათ უთხრეს, პეტო, შენი ცოლი კვდება, აგე, „სასწრაფოს მიჰყავსო“. – მოიცა რააა, ჩაიქნია ხელი პეტომ და წიგნიდან ამოგლეჯილი ფურცლისგან პარკი მოახვია და მზესუმზირა ჩაუყარა. ცოლის სიკვდილის გამო კლიენტს არ დაკარგავდა არავითარ შემთხვევაში.
პეტოს ერთხელ თავადაც მიუცია ინტერვიუ. მართალია, პირველწყაროს ვერ მივაგენით, მაგრამ მისი ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ:
„ახალგაზრდა ვიყავი, არც ფიქრი მქონდა, არც დარდი. რუსეთში ვიყავი, ბიჭებმა მითხრეს, პეტოჯან, წავიდეთ, ლენინის სახლი (ლაპარაკია სახლმუზეუმზე, -ავტ) ვნახოთო. წავიდეთ-მეთქი. მივედით. იქ იდგა „შიფანერკა“ და ეკიდა ლენინის პალტო და ქუდი. ძალიან კარგი პალტო იყო, თბილი, „ვარატნიკი“ ჰქონდა და რამე. „კასტუმი“ და ტუფლები მიყიდეს ბიჭებმა და პალტო არა მქონდა. მციოდა. რა მექნა? სიცივეში ისე ხომ არ დავრჩებოდი, ავიღე და ლენინის პალტო ჩავიცვი, „კაკრაზ“ ჩემი ზომა იყო, გამიხარდა, ლენინი ჩემი ზომა ყოფილა-მეთქი.
ვთქვი, ბარო ლენინ! და წამოვედი. ჩამოვედი საქართველოში და ამ პალტოთი დავდივარ. მოვიდნენ ვიღაცები, მეკითხებიან, „სად იყავი?“ „ეს პალტო საიდან“? ხომ არ ვეტყოდი, რომ მოვიპარე და ვუთხარი, ბაზარში ვიყიდე-მეთქი. დამიჭირეს და 12 წელი მომისაჯეს. „სროკი“ გავატარე მაგადანიდან კიდევ ძალიან შორს. მციოდა და აბა რა მექნა, კაი თბილი პალტო იყო და გამათბო“.
ნინო:
„კარგად მახსოვს ძია პეტო, ღიპიანი და საყვარელი კაცი. სულ ეზოში იჯდა და რაღაცებს ყიდდა. მთელი უბნის ბავშვები მისი კლიენტები იყვნენ. ხშირად ვეკითხებოდით ხოლმე, მართლა მოიპარე ლენინის პალტო, ძია პეტო? და გვიდასტურებდა და დააყოლებდა ხოლმე, „მართლა, მა, „სროკი“ მოვიხადე 12 წელი და ტყუილი როგორ იქნება?“ მერე გვიამბო, რომ პალტოს მხარზე ტყვიის ნაკვალევი ჰქონია და ნახვრეტი წითელი ძაფით ყოფილა ამოკერილი. სწორედ მაგით უცვნიათ სამართალდამცველებს. პალტო მუზეუმში დაუბრუნებიათ. წარმოიდგინეთ, ლენინის სახლმუზეუმში პეტოს ნაცვამი პალტო კიდია. მისი გვარი არ ვიცი სამწუხაროდ, ჩემს მეხსიერებას ძია პეტოდ შემორჩა, ბავშვებს მისი გვარი არ გვაინტერესებდა, შოკოლადებს, საღეჭ რეზინებსა და მზესუმზირას ვყიდულობდით მისგან“.