„მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი...მე დაგეხმარებით...“- მამა ვიტალი, რომელსაც წესი ილია II-მ აუგო

მამა ვიტალი

„თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი.

ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”,- მამა ვიტალი. 

სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ, წინასწარ იცოდა. გარდაცვალებამდე 9 დღით ადრე, ძალიან ცუდად გახდა, მეტყველების უნარი დაკარგა და სხეულის მარჯვენა ნაწილი პარალიზებული ჰქონდა.

„მოდით ჩემს საფლავზე, მიამბეთ ყველაფერი, როგორც ცოცხალს და მე დაგეხმარებით…" - ამბობდა ის

მასთან ხშირად მიდიოდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ, ცხედარი, დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

მიცვალებულს წესი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი, ისევ შეკრა.

რუსი ბერის, მამა ვიტალის საფლავზე, რომელსაც ძლიერ უყვარდა საქართველო და ქართველები, ყოველდღიურად მიდიან მორწმუნეები მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ, მადლობას უხდიან აღსრულებული სასწაულებისათვის, ისევ ახალ თხოვნას უტოვებენ და დიდი სიყვარულითა და იმედით აღვსილნი მიდიან.

რა ცოტას ელის ჩვენგან უფალი! ამაშია ჩვენი სამოთხე! ეს ჩვენი აღდგომაა! შეიყვარეთ სიყვარული და მარად იცოცხლებთ სიყვარულის ვნებებში აღმდგარი მაცხოვრის სიყვარულში!

„შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს. სულ ეს არის!"- ამბობდა სქემარქიმანდრიტი ვიტალი.