1727974750
მილიონერი იყო, შვილის გარდაცვალების შემდეგ გახდა მაწანწალა და ცხოვრობდა ქუჩაში
ამერიკაში მცხოვრები ნანა ბერიშვილი, ნიუ იორკის შტატის ვესჩესტერის საგრაფოს სენტ ჯონის ჰოსპიტალში, უშუალოდ COVID ინფიცირებულებთან მუშაობს.
მან „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ერთი ეპიზოდი გაიხსენა:
„ყველაფერი ირეცხება და დეზინფიცირდება, კედლებისა დაჭერის ჩათვლით და წარმოიდგინეთ, ასეთ, ახლად გაწკრიალებულ ოთახში შემოიყვანეს ახალი პაციენტი, რომელიც გახლავთ მაწანწალა.
მიკეთია ორი ნიღაბი, დამცავი ფარი და ოთახში რომ შევედი, ისეთი საშინელი სუნი იდგა, ლამის წავიქეცი. შევხედე, ჩვენი კლინიკისთვის ცნობილი პიტერ სავაა. 63 წლის კაცია, რომელსაც ჰყავდა შვილი, ბეისბოლის ჩემპიონი და ეს ბიჭი 27 წლის გარდაიცვალა მოტოციკლით ქროლვისას. პიტერი მაშინ მილიონერი იყო და შვილის გარდაცვალების შემდეგ ჩაიქნია ხელი ცხოვრებაზე, გახდა მაწანწალა და ცხოვრობდა ქუჩაში.
შიშველ ფეხზე დიდი ზომის, ყელიანი ბათინკი ეცვა. კოვიდ ინფიცირებული იყო და როგორც ჩანს, ამის გამო ფაღარათი ჰქონდა. ფეხსაცმელებში ფეკალიები ჰქონდა ჩასხმული, შარდით სველი… საშინლად ყარდა, ვერ აღვწერ, ისე…
ძალიან გავმწარდი. ამ დროს თვითონ ვირუსის გამო ძლივს სუნთქავს და ოთახში რომ შევდივარ, ახლოს არ მიკარებს, – გადი, აქედან გადაშენდიო, მეუბნება და ხელებს ასავსავებს.
პალატას ორი კარი აქვს, გავაღე ორივე კარი და ვუთხარი – აკრიბე შენი გუდანაბადი და აქედან გაეთრიე, ხალხი იხვეწება საავადმყოფოში მოხვედრას, ადგილები არ გვაქვს, შენ კი აქ ხარ და თუ არ გინდა მკურნალობა, არავინ გაკავებს, საკუთარ განავალში იხრჩობი და მადლობა თქვი, რომ დასახმარებლად მოვდივარ-მეთქი.
შეცბა და გაჩერდა. არც ერთი ექთანი ამას არ გააკეთებდა: ავაყენე და იქვე, იმ პალატის სააბაზანოში შევაგდე. დამცავ ტანისამოსზე კიდევ ორი პარტია ცელოფნის ხალათი შემოვიცვი, დამხმარე ექთანს ვუხმე და ვაბანავეთ. უფრო სწორად, გავრეცხეთ.
ფრჩხილებიც კი დავაჭერით. ფრჩხილი რომ მოვაჭერი, დამხმარე ექთნის ფარს მოხვდა და კინაღამ ფარი ჩაულეწა…
ეს კაცი გამოვაჯანმრთელეთ და გავუშვით. ასეთი ამბებიც ხდება ამერიკის კლინიკებში, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა და ვალდებული ვართ, შევასრულოთ.
ფოტოზე: ნანა ბერიშვილი