„მაწყევარი ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა...“ - ტრადიცია, რომელიც ძველ სამეგრელოში არსებობდა

კალანდია

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში უცნაური ტრადიციის შესახებ წერს, რომელიც ძველ სამეგრელოში არსებობდა. 

„ძველ სამეგრელოში არსებობდა ერთი უცნაური ტრადიცია: თუ ადამიანი უპატიებელ ცოდვას ან დანაშაულს ჩაიდენდა მას მაწყევარი გაუჩნდებოდა... წყევლა კი დიდი და ფრიად საშიში სასჯელი იყო ოდიშში...

მაწყევარი ლურსმანს აიღებდა და წმინდა ხესთან, ან ეკლესიის ეზოში წყევლას წარმოსთქვამდა, თან ლურსმანს ხის მერქანში ან ტაძრის კედელში ჩააჭედებდა... ჰოდა მაშინ „გამოიჭედებოდა“, „დაიკლიტებოდა“ დაწყევლილის მომავალი... თუ დამნაშავე ცოდვის გამოსყიდვას შეძლებდა, დაზარალებული თავისსავე ჩაჭედებულ ლურსმანს კედლიდან ან მერქანიდან ამოიღებდა...

დაწყევლილსაც სასჯელის უღელი აეხსნებოდა...

დღეს სამეგრელოს რამდენიმე ტაძარში არაერთი ასეთი ლურსმანი ვნახე, საბედნიეროდ, ყველა კედლიდან ამოღებული  ადამიანთა მოდგმის ცოდვა-ბრალიანი ცხოვრების ეს თავისებური სიმბოლოები, ამასთანავე მიტევებისა და პატიების ერთგვარი მოწმეებიც არიან“, - წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.