დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
76 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი ვაჟა ჯოჯუა - პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.
მას შემდეგ, რაც ისტორიული ჟანრის ქართული ფილმის „მამლუქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხვიჩას - დავით დანელიას შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პრაიმტაიმის“ მკითხველი მეორე „მამლუქის“, გოჩას მოძებნას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ეს თხოვნა შევუსრულეთ.
ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე ზუსტად 60 წლის წინ, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.
მამლუქ გოჩას, იგივე ვაჟა ჯოჯუას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, „პარაიმტაიმმა“ აბაშაში მიაგნო და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
- 1948 წლის 14 იანვარს დავიბადე აბაშაში. საშუალო სკოლა აბაშაში დავამთავრე და შემდეგ სოხუმის უმაღლეს სასწავლებელში - საოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე. ამჟამად 71 წლის ვარ.
ვცხოვრობ აბაშაში, ლტოლვილი ვარ აფხაზეთიდან. 1976 წელს დავქორწინდი იამზე კიკალიაზე. როცა ომი დაიწყო, ცოლ-შვილით და ერთი ჩანთით გადმოვსახლდი აბაშაში.
ყველაფერი მქონდა მაგრამ, ომის დროს ყველაფერი დავკარგე. ამ ეტაპზე თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვცხოვრობ სოფლის ცხოვრებით, ვმუშაობ.
თავისუფალ დროს კი ტელევიზორთან ვატარებ - დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ. მყავს ქალ-ვაჟი ივეტა და გივი ჯოჯუები და ოთხი შვილიშვილი - ნიკა და ლუკა ჯოჯუები, თეკლე და ელენე მესხები.
- როგორ მოხვდით ლეგენდარულ ფილმში „მამლუქი“ და რამდენი წლის იყავით გადაღებების დროს?
- მაშინ 10 წლის ვიყავი. სკოლის პერიოდში, ცეკვის წრიდან გასტროლზე წაგვიყვანეს ფოთში. ფილმის დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარის ავტორმა, ბატონმა დავით რონდელმა, პირველად სცენაზე მნახა, სრულიად შემთხვევით.
იმ დროს, რეჟისორს ფილმ „მამლუქისთვის“ უკვე აყვანილი ჰყავდა ხვიჩას როლის შემსრულებელი და ეძებდა ბავშვს, ვინც გოჩას როლისთვის შესაფერისი იქნებოდა. დავითმა, ცეკვის დროს დამინახა სცენაზე და მოვეწონე. აქედან შედგა ჩვენი პირველი შეხვედრა.
მე და ხვიჩა - დავით დანელია ერთი ასაკის ვართ. ამის შემდეგ შევასრულე გოჩას როლი. ფილმში მონაწილე მსახიობებიდან, არავინ აღარ არის ცოცხალი. მხოლოდ მე და ხვიჩა - დათო დანელია შემოვრჩით.
ჩემს გვერდით ფილმში ლეგენდარული მსახიობები მონაწილეობდნენ - დუდუხანა წეროძე, რომელიც დედის როლს ასრულებდა, ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), მანანა ლონდარიძე (ცირა), აკაკი ხორავა, ლია ელიავა, გიორგი შავგულიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ბუხუტი ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ბელა მირიანაშვილი და სხვები.
- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება ბავშვობაში თავსდატეხილი პოპულარობის შემდეგ?
- ზღაპრული ცხოვრება მქონდა. მთელი ევროპა მაქვს მოვლილი. 6 წელი საბერძნეთში ვცხოვრობდი. ახლაც ვაპირებ წასვლას. მართალია „ბედკრული საქართველოს შვილების“ სახელით ვართ ცნობილი, მაგრამ მინდა გითხრათ, ჩვენ არ ვართ ბედკრული საქართველოს შვილები, არ არის საქართველო „ბედკრული“. დღემდე, „გოჩას“ მეძახიან აბაშაში და შვილებს „ჩემი გმირის“ ისტორიას აცნობენ.
- „მამლუქის“ გარდა, თუ გაქვთ მონაწილეობა მიღებული სხვა ფილმებში?
- არა, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. სკოლა სოხუმში დავამთავრე. თბილისში წამყვანი არავინ მყავდა და კინოკარიერა ვეღარ გავაგრძელე. თბილისში რომ მეცხოვრა, ალბათ ბედი გამიღიმებდა და არავინ იცის როგორ განვითარდებოდა ჩემი მოღვაწეობა. არ იყო მაშინ ის ცხოვრება, როგორიც ახლა არის. მშობლებს ეკონომიურად უჭირდათ და ჩემი თბილისში ჩამოყვანა ვერ შეძლეს.
- რა ურთიერთობა აქვს ამ ეტაპზე „გოჩას“ და „ხვიჩას“?
- დათოსთან დიდი ხანია აღარ მაქვს კონტაქტი. ვიცი, რომ ადრე პოლონეთში ცხოვრობდა. რუსი მეუღლე ჰყავს და ერთი ვაჟი. გასულ წლებში ხშირი კონტაქტი გვქონდა, მაგრამ წლებია აღარ დამკონტაქტებია.
- თქვენთან ინტერვიუ ჩვენმა მკითხველმა მოითხოვა. გინდათ რამე უთხრათ მათ?
- მიყვარს ძალიან ჩემი საქართველო. ვამაყობ, რომ მე ვარ ქართველი. დიდი მადლობა ჩემს ერს ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის. გმადლობთ, რომ ისევ ვახსოვარ ჩემს ხალხს.