ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წერილს უგზავნიდა

ისტორია ქალზე, რომელსაც მედეა ჩახავა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან წერილს უგზავნიდა

მშვიდობის მტრედი იყო”, ასე ახასიათებს დედას, მედეა ჩახავას მსახიობს ქალიშვილი, მაკა მახარაძე.

ეს მეტაფორა არტისტის მთლიან პერსონაზე გვიქმნის წარმოდგენას. და ეს შესანიშნავად „იკითხება” მისი როლების ქვეტექსტებიდანაც.

დადებითი პერსონაჟებიც მთავარ როლს თამაშობდნენ იმაში, რომ მედეა ჩახავას თაყვანისმცემელთა არმია ჰყოლოდა.

მსახიობის ცხოვრება, ალბათ, იმად ღირს, რომ ისეთი სიყვარული მიიღოს მაყურებლისგან, რომელიც მერე არა თუ მხოლოდ მას ჰყოფნის მთელი ცხოვრება, არამედ მის შვილსაც ეძვირფასება, რადგან უკვე ეს უერთგულესი ადამიანი გარდაცვლილ დედას აგონებს.

მედეა ჩახავას აჭარაში ჰყავს ერთი ერთგული მაყურებელი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უგზავნიდა მოსაკითხ წერილსა თუ მისალოც ბარათს. ეს იშვიათი ისტორიაა და ის მაკა მახარაძემ დედის დაბადების დღეს გვიამბო.

“ხულოში “ბაში-აჩუკის” ეკრანზე გამოსვლის 30 წლის იუბილე აღინიშნა. იქიდან დაბრუნებული დედა სულ ახსენებდა ეთერს. როცა აჭარაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ეთერიო. და 2015 წელს ბათუმში მქონდა გადაღება. თავისუფალი დღე გამომიჩნდა და რეჟისორს ვთხოვე, ავიდეთ ხულოში-მეთქი. ხულოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვთხოვე ეპოვა ეთერი, რომლის გვარი არ მახსოვდა. მან იპოვა, დაურეკა და კაფეში, სადაც ვისხედით, მოიყვანა ეთერი.

ველოდი, ცოტა მოუვლელ, საქმისგან გადაღლილ ხულოელ ქალს და… მოულოდნელად შემოვიდა – ქათქათა უკან შეკრული თეთრი თმით, ლურჯი პიჯაკით, თეთრი მარგალიტის საყურით და მძივით, ულამაზესი, გამჭირვალე ქალი…

დამინახა, მოვიდა და… დავიწყეთ ორივემ ცრემლების ღვრა… ჩვენც დავმეგობრდით.

დედაჩემის დატოვებული საჩუქარი ხართ ჩემთვის-მეთქი, ვუთხარი. არ არსებობს საეკლესიო დღესაწაული, ეთერმა დილის რვა საათზე პირველმა არ დამირეკოს მოსალოცად” – გვიყვება მაკა მახარაძე.

და ექსკლუზიურად “პრაიმტაიმის” მკითხველი გაიცნობს ხულოში მცხოვრებ, 71 წლის ფილოლოგ ეთერ დეკანაძეს, რომელიც წლებია ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგია.

ის და მედეა ჩახავა აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ეკრანიზაციამ შეახვედრათ. 1986 წლის ივლისში ხულოში ფილმ „ბაში-აჩუკის“ ეკრანზე გამოსვლის 30 წლისთავი გადაიხადეს. ხულოს პედაგოგ-მასწავლებლებმა და გაზეთ “ხულოს” რედაქციამ კინოსტუდიას წერილობითი თხოვნით მიმართეს, რომ ფილმის საიუბილეო კინოჩვენებას თავად მთავარი როლის შემსრულებლებიც დასწრებოდნენ.

და ივლისში ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ მსახიობები – მედეა ჩახავა, ლია ელიავა, ოთარ კობერიძე. მსახიობებს თან ახლდათ კინოსტუდიის პროფკავშირის თავმჯდომარე, ცისანა ჯანაშია.

ეთერ დეკანაძე: – სტუმრებმა ერთი კვირა დაჰყვეს ზემომთიან აჭარაში. შეხვედრები გაიმართა – ხულოში, ბეშუმსა და სხალთის უძველეს მონასტერში, ხულოს სოფლებში. ეს მონასტერი ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია მთლიანად აჭარაში. და საერთოდ ხულო და ზემომთიანი აჭარა უფლის მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ნაფეხურებიანია.

მორის ფოცხიშვილი რომ ჩამოვიყვანე ასე თქვა – „ქართულად რომ ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“-ო…

1989 წელს მეწყერით მიწა რომ ჩამოიშალა, უძველესი მარანი აღმოჩნდა. იქ სუფრა გავშალეთ და მსახიობები ახლოს გავიცანით. ჩვენი კუთხის კერძები დააგემოვნეს და აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

ქალბატონმა მედეამ თქვა, მეგრელი ქალი კამეჩის მაწონს აჭარაში თუ გავსინჯავდი და გამაოცებდა, არ ველოდიო. აღფრთოვანებული დარჩა.

ვიცოდი, რომ კარგი მზარეული იყო, მით უმეტეს, მეგრული კერძების მზარეულები დიდოსტატები არიან. ვღელავდით, მაგრამ ყველაფერი მოეწონა.

რაიონის თეატრში გავმართეთ საღამო, სადაც მსახიობებს მაყურებელმა დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. მერე ქალბატონი მედიკო მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აი, ეს ხალხი თეატრში არ დადის და მხოლოდ ტელეეკრანიდან, ფილმებიდან და სატელევიზიო დადგემბიდან ხედავს ჩვენს შემოქმედებას, როგორ დეტალებში წვდებიან ყველაფერს და რა უშუალო კითხვებს სვამენო. ეს რა დიდი სიყვარულიაო.

ყვავილები ბათუმში ვუყიდე და მივართვი. მითხრა, მოდი, რაღაც უნდა გიჩურჩულოო… ვიფიქრე, რა შემეშალა ასეთი-მეთქი. ასეთი ლამაზი მინდვრის ყვავილები გაქვთ და მეორედ ბაზარში ყვავილი არ იყიდოო, ხუმრობით დამარიგა. რა ლამაზი ფერებია, რა სილამაზეაო, ეფერებოდა მინდვრის ყვავილებს.

ფილმში პირიმზისას მინდორში რომ კლავს სპარსის როლში მყოფი იუსუფ ზოიძე, ის ხულოს რაიონის სოფელ ძირკვაძეებიდან იყო და იქაც გაიმართა მსახიობებთან შეხვედრა.

კურორტ ბეშუმში, იქაური დამსვენებლების თხოვნით, მსახიობებმა იქაც გამართეს შეხვედრა და ძალზედ ამაღელვებელი იყო ბავშვების ემოცია, როდესაც მედეა ჩახავა დაინახეს. კივილი ატეხეს – დედიკო, მელანო არ მომკვდარა, აი, აქ არისო! ცრემლები უბრწყინავდათ თვალებზე და ამ ემოციებზე ქალბატონმა მედეამაც ვერ შეიკავა თავი და სიხარულის ცრემლები სდიოდა. რა შეედრება აი, ამ ემოციას და სიყვარულსო, ამბობდა. ჩვენი მელანოო, ეძახდნენ ბავშვები და ეფერებოდნენ.

პიონერთა ბანაკის 600 ბავშვი ორ რიგად იდგა და მსახიობებს მინდვრის ყვავილებს უგებდნენ ფეხქვეშ. მერე ერთკვირიანი სტუმრობაც დასრულდა და საყვარელ მსახიობებთან გამომშვიდობებაც ძნელი აღმოჩნდა.

ისინი დაუღალავად ფოტოებს იღებდნენ და სითბოს ავლენდნენ თაყვანისმცემლების მიმართ. დაგღალეთ-მეთქი, ვებოდიშებოდი. სახიობისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც მას უფასდება ის სიყვარული, რასაც ის გასცემსო.

მედეა ჩახავას და ეთერ დეკანაძეს შორის მეგობრობა სწორედ მაშინ დაიწყო. მსახიობი და მისი ერთგული მაყურებელი ერთმანეთს სიყვარულით სავსე წერილებს წერდნენ.

მედეა ჩახავამ იმავე წლის 2 ნოემბერს ქალაქ ბუდაპეშტიდან გამოუგზავნა ეთერს წერილი. ის ხულოში ტბელობის დღესასწაულზე მიიწვიეს, თუმცა როგორც წერილში ამბობს, მოუცლელობის გამო ვერ მოახერხა ჩასვლა.

„ეთერ ქალო, ჩემო ლამაზო და ჭკვიანო, კეთილო და სყვარელო. ისე აეწყო ჩემი ყოფა-ცხოვრება, ხან ავად და ხან კარგად, რომ ბულგარეთამდე დაჯდომა ვერ მოვახერხე. ვერსად და ვერაფერი წაშლის თქვენგან მიღებულ სიხარულს. არსად და არაფერი არ არსებობს ისეთი, რომ თქვენით მიღებული გასაოცარი სიწმინდე, სიხალისე, გულწრფელობა, სიუხვე და სილამაზე ოდნავ მაინც დაჩრდილოს.

იქნებ უკეთესიც კი იყოს, რომ ბარათი დამაგვიანდა, ვინაიდან, ამით შეწუხებული ყოველდღე ფიქრში თქვენთან ვიყავი და დაუსრულებლად გებოდიშებოდით. მაპატიეთ ჩემი უნებლიე უმადურობა. გასტროლები გუშინ დაგვეწყო ბუდაპეშტში „რიჩარდით“. აუ, რა ამბავი იყო, დაინგრა დარბაზი. ამ საღამოსაც „რიჩარდია“. ჩემი გულწრფელი სადღესასწაულო მილოცვა ყველას, ვისაც ვახსოვარ.

ჩემო ეთერიკო, თუ ძალიან არ ხარ ჩემზე გაბრაზებული, მომწერე რა. სულ წარმატებებს, დღეგრძელობას და ბედნიერებას გისურვებ.
გეხვევი და გკოცნი, შენი მედეა. ისიც მაპატიე, რომ შვილებთან ერთად ვერ ჩამოვედი თქვენს დღესასწაულზე. თემურს გასტროლები ჰქონდა ლენინგრადში, მაკა ჩეხეტში იყო. ვოცნებობ ოდესმე ერთხელ მაინც ჩამოვიდე თქვენთან. გკოცნი და გლოცავთ. თქვენი უზომოდ მადლიერი მედეა, ქალაქი ბუდაპეშტი…

ეთერი: – შემდეგი ბარათი იერუსალიმიდან გამომიგზავნა. ნახეთ, რას მწერს.

„ჩემო ეთერიკო, ჩემო მოყვარულო და ყურადღებიანო. აქაც მახსოვხართ ყველანი, განსაკუთრებით შენ და ბესიკი. აქაც-მეთქი იმიტომ ვახსენებ, რომ იერუსალიმის სიმშვენირემ შეიძლება ჩემნაირ მოკვდავს ყველაფერი დაავიწყოს.

სახლიდან ვერ მოვასწარი და აქედან გითვლით ორივეს დიდ მადლობას დაბადების დღის მოლოცვისთვის. ეთო, დღეს წამიყვანეს ბეთლემში, იმ ადგილას სადაც ქრისტე იშვა და მისი საფლავია აგრეთვე. გკოცნით და გისურვებთ ჩემს ნაკვალებზე გევლოთ. ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ყოველგვარი უსიამოვნებისგან.

თქვენი მედეა ჩახავა, იერუსალიმი 2 ივნისი 1989 წელი. თბილისში ვიქნები ორი კვირის შემდეგ, იქნებ დამირეკო.

არგენტინიდანაც კი მომწერა წერილი.

„ჩემო ეთერი, ხედავ? შენ, შენი ბრწყინვალე მეგობრებით, მშვენიერი ხალხითა და ბუნებით ოკეანის გაღმაც მახსოვხარ, ბუენოს-აირესში. ყველას ჩემი საუკეთესო სურვილები. გასტროლები წარმატებით მიმდინარეობს. გეხვევი და გკოცნი. წესით 14 აგვისტოს უკვე სახლში უნდა ვიყო. შენი მედეა.“

აი, ასეთი აქტიური მიმოწერა და სატელეფონო საუბრები გვქონდა. მასთან სტუმრად, სამწუხაროდ, ვერ ჩავედი. თბილისში რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით ერთმანეთს. ეს იყო და ეს. ტელეფონით ყოველ კვირა ვსაუბრობდით.

ჩვენთან გასტროლებზე იყო თემურ ჩხეიძის ქალიშვილი, ეკა ჩხეიძე და მოვიდა და მნახა. ჩამომიტანა მარგალიტის ყელსაბამი, ეს მაკა მამიდამ თქვენთან გამომატანა, ბებიას ნაქონი მძივიაო.

ამ ყელსაბამს თილისმასავით ვუფრთხილდები. ავიღებ, მოვეფერები და ვინახავ. ეს ისეთი რელიქვიაა, როგორ გავბედავ ჩემ ყელზე მის გაკეთებას?!

მაკამ შარშან სიურპრიზი გამიკეთა. დამირეკა და მოულოდნელად მნახა. ქობულეთში საბალეტო სკოლის ფილიალს ხსნიდა და ერთი დღე თავისუფალი გამოუჩნდა. დედაჩემის საჩუქარი ხართ და უნახავად ვერ წავიდოდიო. ცოტა ხნით იყო ამოსული, მაგრამ გამაბედნიერება. ბატონი კოტეს წიგნიც მაჩუქა – „ორი ბატონის მსახური“.

ქალბატონი მედეა რომ გარდაიცვალა, ვერ ჩავედი დაკრძალვაზე. მე ანემია მაწუხებს, იმ პერიოდში გემოგლობინი დამივარდა და მგზავრობის უფლება არ დამრთო ექიმმა. ძალიან ვწუხვარ, რომ უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე.

ფიქრებში ხშირად ვეუსაბრები და თავისი განუმეორებელი თბილი ღიმილით მისმენს, მგონია. ეს მონატრებაა… ასეთი ადამიანები ძალიან დიდ ხანს უნდა ცოცხლობდნენ.