თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალი 20 საათით შეუწყდება - ნახეთ, მისამართები
1732648874
ყველა დროში, ქალის სილამაზე განსაკუთრებული ყურადღების არეში იყო მოქცეული. იცვლება მხოლოდ სილამაზის შეფასების კრიტერიუმები და მისი დემონსტრირების მასშტაბები. დღეს, ლამაზ ქალს მთელი მსოფლიოს დასანახავად შეუძლია, მოიპოვოს ”მის სამყაროს” ტიტული და ამით საკუთარი სახელი პლანეტის ლამაზმანთა სიაში ჩაწეროს. მაგრამ ამჯერად, ერთი, გაცილებით მოკრძალებული სილამაზის კონკურსის შესახებ გიამბობთ, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში, პარიზში მოეწყო და რომლის გამარჯვებულიც, ქართველი თავადის ქალი - ეკატერინე თარხან-მოურავი გახდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკატერინესთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონები ”მის ევროპის” ტიტულისთვის იბრძოდნენ.
ელერ თარხნიშვილი, ეკატერინე თარხნიშვილის შვილიშვილი ჰყვებოდა, რომ:
გიორგი სააკაძის პირდაპირი შთამომავლები არია, ბებია სააკაძის მეათე თაობას ეკუთვნოდა, მათი შორეული წინაპრები დაღესტნიდან არიან წამოსული, შემდეგ ისინი სომხეთში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი - ქართლში, ფრონეს ხეობაში დასახლდნენ. გიორგი სააკაძე კასპის რაიონში, სოფელ ნოსტეში ცხოვრობდა, ეკატერინე კი, მის მახლობლად, სოფელ ახალქალაქში გაიზარდა. მამამისი, გრიგოლ თარხან-მოურავი სამხედრო სამსახურში გახლდათ და პოლკოვნიკის წოდება ჰქონდა. ეკატერინეს დედა, ეფემია კი, ცნობილი კრიტიკოსის, იაკობ მანსვეტაშვილის და იყო. იაკობ მანსვეტაშვილი ილია ჭავჭავაძესთან ერთად „ივერიაში“ მუშაობდა. მშობლები ბებიას ისე ზრდიდნენ, როგორც ნამდვილ თავადიშვილს და განსაკუთრებით ანებივრებდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დედმამიშვილს შორის, ცოცხალი მხოლოდ ის დარჩა. ეკატერინეს და-ძმები, სხვადასხვა ავადმყოფობის გამო, სხვადასხვა ასაკში გარდაიცვალნენ. როდესაც ეკატერინე წამოიზარდა, მშობლებმა ის კულტურის, კარგი მანერების ასათვისებლად და ფრანგული ენის შესასწავლად, პარიზში წაიყვანეს. თარხან-მოურავების ოჯახი საფრანგეთში 1903-1907 წლებში ცხოვრობდა. ქართველი თავადები უმეტეს დროს, პარიზში ატარებდნენ, ზაფხულობით კი იქვე ახლოს, პა-დე-კალეს სრუტესთან მიემგზავრებოდნენ დასასვენებლად.
ეკატერინეს ძალიან ჰყვარებია წყალში ყოფნა. ამის გამო, ფრანგმა მეგობრებმა მას გედი შეარქვეს. იმ დროს, პარიზში თურმე, ყოველ წელს, ყვავილების დღსასწაულს აღნიშნავდნენ, სადაც სილამაზის კონკურსის მსგავსი ღონისძიება იმართებოდა. ერთხელ, ამ კონკურსში ეკატერინესაც მიუღია მონაწილეობა. მონაწილეთათვის ყვავილებით ირთვებოდა ეტლები, გოგონები სათითაოდ სხდებოდნენ ამ ეტლებში, თავად ეჭირათ სადავეები და ასე უნდა ჩაევლოთ ქუჩაზე, რომლის ორივე მხარეს მაყურებელი შეგროვილიყო. კონკურსანტებს უკან მიჰყვებოდნენ ახალგაზრდა გოგონები ჩანთებით, სადაც მაყურებელი აგდებდა ბიულეტენს, რომელზედაც საკუთარი რჩეულის სახელი ეწერა. შესაბამისად, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებდა, კონკურსის გამარჯვებულიც ის ხდებოდა. ეკატერინეს ეტლი ცისფერი ყვავილებით ყოფილა მორთული, თავადაც ცისფერი კაბა სცმია ეკატერინეს, რომელიც ცისფერთვალება, ქერათმიან ქალბატონს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა. ან კი, რა ქალბატონს? ეკატერინე ამ დროს, 15 წლისაც არ იქნებოდა!.. მასთან ერთად, ამ კონკურსში ავსტრიის მეფის ასული და იტალიელი მილიონერის ქალიშვილიც მონაწილეობდნენ. მაგრამ მაყურებელმა გამარჯვება კავკასიელი სამხედრო პირის ქალიშვილს მიანიჭა. ამის გამო, ეკატერინესთვის საჩუქრად, ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი გულსაბნევი მიურთმევიათ, რომელიც თბილისში ჩამოსვლისთანავე დაკარგა. ევროპულ მანერებს მიჩვეულმა ქალბატონმა, თბილისის რკინიგზის სადგურზე ბარგი და სავიზიტო ბარათი მუშებს დაუტოვა: ამ მისამართზე მომიტანეთო. ამ ბარგთან ერთად გაქრა კონკურსში მიღებული გულსაბნევი და ვინ იცის, რა ბედი ეწია.
ეკატერინემ მასზე შეყვარებული ბევრი ყმაწვილი დატოვა საფრანგეთში, მათ შორის, პარიზის გავლენიანი ადამიანების შვილებიც იყვნენ. მამამისს სასიძოდ მხოლოდ ქართველი უნდოდა. თუმცა, ეკატერინე ორჯერ იყო გათხოვილი და არც ერთი მისი ქმარი ქართველი არ ყოფილა. პირველად, 1908 წელს, ცოლად გაჰყვა ფრანგ სტუდენტს, მიშა სეგალს. სეგალის მშობლები ჯერ განჯაში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი, თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ეკატერინე შინიდან გაიპარა და მშობლების დაუკითხავად დაიწერა ჯვარი სეგალზე. სწორედ მასთან შეეძინა ერთადერთი ვაჟიშვილი - ნიკოლოზი. გრიგოლ თარხან-მოურავმა იმდენად აითვალწუნა ფრანგი სიძე, რომ 2-3 წელიწადში აიძულა, წასულიყო, შვილიშვილი კი, თავის გვარზე დაწერა. ეკატერინე მეორედ გათხოვდა და ამჯერად, გვარად მოროზოვს გაჰყვა ცოლად...
ეკატერინე სამხედრო ჰოსპიტალში მოწყალების დად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში, ნოე ჟორდანიასთან კავშირშიც დასდეს ბრალი და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ეკატერინე მას ბათუმამდე გაჰყვა, მაგრამ საზღვარგარეთ აღარ წავიდა და უკან დაბრუნდა...ქალი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.