„მეორეს უთქვამს, არ უთხრა, საით მივდივართო...“ - რას ამბობს დაკარგული გოგონას დედა
1744712875
დიდი ოთხშაბათი - ეს იუდას მიერ, იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ამ დღეს იუდამ გასცა მოძღვარი და სინედრიონის წევრებს მის შეპყრობაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 30 ვერცხლი მოითხოვა.
ოთხშაბათის ღამე, მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, სიმონ კეთროვნის სახლში უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლველად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ბოროტი აზრი ჩაისახა, რათა თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა.
ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობას და გამცემლობას კი კიცხავს.
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი მას ვერ დაემალებოდა. უფალი არ დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან. თუმცა ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო.
ღმერთმა თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შექმნა ადამიანები და მათ კეთილსა და ბოროტს შორის არჩევანის უფლება დაუტოვა. ამდენად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. თუმცა თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება.
მაცხოვრის გვერდით ყოფნის მიუხედავად, იუდამ სულიერი გაზრდა ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. მეტიც, როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას მოციქულების საერთო ყულაბა ჩააბარა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული _ თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა. იუდას სულში მაინც არაფერი შეცვლილა.
„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი", - მოგვითხრობს იოანე მახარებელი. "და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ? მიუგეს მას: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ: მე ვარ... როდესაც უთხრა, მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ" (იოანე 17, 3-6).
იესოს შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაჰბარდა. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.
ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.
აღსანიშნავია, რომ დიდი ოთხშაბათის მწუხრიდან, აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. ამ ლოცვას პარასკევამდე მხოლოდ მონაზვნები ასრულებენ სენაკებში.
ეფრემ ასურის ლოცვა, ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.
ტროპარი: აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმა