„ბავშვი საწოლის ქვეშ იყო შემძვრალი და მგელივით ყმუოდა...“ - ისტორია, რომელიც სასწაულმოქმედ ხატს უკავშირდება

აკეთის მაცხოვრის ტაძარი

აკეთის მაცხოვრის ეკლესია თამარ მეფის დროს აშენებულა. ტაძრის ასაშენებლად ბერძენი ოსტატები უშუალოდ თამარ მეფეს მოუწვევია. გადმოცემის თანახმად, საბერძნეთიდან მოწვეული ოსტატებისთვის ორი ტაძრის აშენების ბრძანება მიუციათ. ერთი სოფელ აცანაში უნდა აეშენებინათ (ოქონის მონასტერი). მთავარი ოსტატი სოფელ აცანაში გადასულა ტაძრის ასაშენებლად, აკეთის მაცხოვრის ეკლესია კი მისი შეგირდისთვის მიუნდია. მეფის დანიშნულ ხალხს შეგირდის ნამუშევარი მოსწონებია და შეგირდსავე მიუღია მეფის საჩუქარი. ეს სწყენია ოსტატს და მისი დავალებით შეგირდისთვის მარჯვენა ხელი მოუჭრიათ.

გადმოცემის მიხედვით, ამ ტაძარში უამრავი სიწმინდე და განძი ინახებოდა.

ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა გელათის მონასტერს წარმოადგენდა. აკეთის მაცხოვრის ეკლესიის სიძველეებში იკითხება გურიის ისტორიისათვის მნიშვნელოვან პიროვნებათა გვარ-სახელები. 

ასევე ნახეთ: VIDEO: „...ოთხზე დავარდა და არაამქვეყნიური ხმით დაიწყო ყვირილი“ - სასწაული, რომელსაც ზოვრეთის მონასტერში ბექა ჩხაიძე შეესწრო

ქვემო გურიის ოსმალეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით XVIII საუკუნის დასაწყისში აკეთში დასახლდნენ თავდგირიძეები. მათ აქ სოფელ გვარადან გადმოიტანეს თეთროსნის ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები, ასევე - გვარასთავის წმინდა გიორგის ხატი. ამ ხატებზე სალოცავად მუსლიმი ქართველებიც დადიოდნენ.

ყველაზე მთავარი სიწმინდე, რაც ტაძარს გააჩნდა, ეს იყო მაცხოვრის ხატი,(ღვთაების ხატად წოდებული), რომელიც გაიტანეს ქვეყნიდან და გაყიდეს. ამ ხატის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

აკეთის ეკლესია XVII საუკუნეში განაახლა მამუკა თავდგირიძემ, რომელიც თურქებთან დამარცხებულა და გადმოსახლებულა გურიაში. ის თავად ქაიხოსრო გურიელს შეუფარებია და მისთვის ადგილ-მამულები გადაუცია. სწორედ მან ააშენა ამ ტაძრის ტერიტორიაზე ხის მონასტერი, რომელიც დროთა განმავლობაში დანგრეულა და მისი არანაირი კვალი არ არის. (მამუკა თავდგირიძე დასაფლავებულია აკეთის მაცხოვრის ტაძრის ეზოში).

1784 წელს აკეთი დალაშქრა აბდულ-ბეგ ხიმშიაშვილმა. ამ ლაშქრობის დროს დაზიანდა კედლები და გუმბათი, თუმცა გადარჩა განძეულობა, რადგან ის დამალული იყო.

მოგვიანებით მამუკა თავდგირიძის შთამომავალმა გიორგი თავდგირიძემ ადგილობრივებთან ერთად ააგო ქვითკირის ულამაზესი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. ასე დაიწყო მონასტრული ცხოვრება სოფელ აკეთში, ტაძართან ახლოს.

თუმცა ადგილობრივმა ათეისტებმა ტაძარი მაინც დაარბიეს. ჩამოანგრიეს ტაძრის გუმბათი.

მრავალ სასწაულთა შორის ტაძრის ნგრევას კიდევ ერთი ისტორია უკავშირდება. კომუნისტების დროს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტაძრიდან ზარი ჩამოეხსნათ. გადაწყვიტეს ზარი თოფის სროლით ჩამოეგდოთ და ვინც უფრო "მამაცი" იქნებოდა, თოფსაც მას უბოძებდნენ. ერთს გადაუდგამს ეს "ვაჟკაცური" ნაბიჯი და ზარი ჩამოუგდია. დიდი ზეიმით აღნიშნეს მისი საქციელი და დაპირებისამებრ, თოფიც უსახსოვრეს. სახლში დაბრუნებული "გმირი" კი ჭიშკართან წაქცეულა და გულის შეტევით გარდაცვლილა.

ასევე ნახეთ: „ეს ანგელოზი მონასტერში მუშაობის დროს დააფიქსირა ფოტოაპარატმა...“ - ბექა ჩხაიძე ბერ იოვანეზე წერს, რომელსაც ჯაჭვები მთელ ტანზე აქვს შემოხვეული

მაცხოვრის ეკლესია სამჯერ გაძარცვეს. (1853. 1859.1873 წლებში), მაგრამ მისი საგანძურის ნაწილი მაინც გადარჩა, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ღვთისმშობლის ხატი. ამ ხატის შესახებ ბავშვობაში დედამ თავისი ბებიის, მარიამ მგელაძის გადმოცემული ამბავი მიამბო.

ზემო აკეთში ცხოვრობდა ქვრივი, სახელად გაიანე. ეს ქალი თბილისიდან იყო ამ სოფელში გამოთხოვილი. გაიანეს ეზოში მეზობლის ხარები ჩასულან და ნარგავები და ვენახი გაუნადგურებიათ. როგორც გადმოცემით ვიგებთ, გაიანეს ხარები მოუწამლავს. ხარების მეპატრონეს მაშინვე მიუტანია ეჭვი გაიანაზე, მაგრამ ის ფაქტს სასტიკად უარყოფდა. მაშინ სოფლის მაცხოვრებლებს გადაუწყვეტიათ სიმართლის მთქმელს ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაეფიცა.

ადგილობრივები ეკლესიის ეზოში შეკრებილან. სათითაოდ მიდიოდნენ ხატთან და იფიცებდნენ, მათ შორის ხატის წინაშე უარყო ხარების მოწამვლა გაიანემაც.

ეკლესიიდან სახლში მისულ გაიანეს შემზარავი სურათი დახვდა.

მისი სამი წლის შვილი, საწოლის ქვეშ იყო შემძვრალი და მგელივით ყმუოდა... გაოგნებული გაიანე ბავშვით ხელში უკან, ეკლესიისკენ გამოქცეულა და თან ყვიროდა: შემიჩერეთ წყევლა, შემიჩერეთ წყევლა! - ამ სურათის შემსწრე თანასოფლელები გაოგნდნენ, თითქმის სამი დღე შესთხოვდნენ ხატს, ეპატიებია გაიანესთვის და მისი შვილი განკურნებულიყო, მაგრამ ბავშვი მესამე დღეს გარდაიცვალა. ამ ამბის შემდეგ გაიანეს ჩემი დიდი ბაბუასთვის თომა თოხაძისთვის (ოქრომჭედელი იყო) ოქროს აკვანის მოჭედვა უთხოვია და მაცხოვრის ეკლესიაში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავს. თვითონ კი თბილისში წამოსულა. სამწუხაროდ, ვერავინ ვიპოვე, ვისაც ეცოდინებოდა, რა ბედი ეწია გაიანეს სოფლიდან წასვლის შემდეგ.

ასევე ნახეთ: ფოტოაპარატმა რუის-ურბნისის ეპარქიაში ეშმაკი დააფიქსირა? – „ჩემ წინ მოწყენილი ზის არსება, რომელიც ებრძვის კაცობრიობას“…

ტაძრის აღდგენა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ტაძრის აღდგენაში მამაჩემიც მონაწილეობდა, ტაძრის ნანგრევების კედლებზე დაკიდეს ხატები, გააკეთეს სასანთლეები და მეც სიხარულით ვეხმარებოდი მამას შეძლებისდაგვარად. ერთ დღესაც ტაძარში მისულს ხატები დამწვარი დამხვდა. ტაძრის კედელზე კი წითელი წიწაკები ჩამოკიდებული. ამ ვანდალიზმის ჩამდენი დღემდე არ არის ცნობილი.

დღეს კი აკეთის თემის ერთიანობით ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ბევრი ადამიანი გაერთიანდა. აღდგენილ ტაძარში უკვე ტარდება წირვა-ლოცვა.

ასევე ნახეთ: “ფული მაქვს საშოვნელი, ბებო მყავს დასაკრძალი… ამ დროს, პატრიარქი მაწვდის კონვერტს…” – ბექა ჩხაიძე საოცარ ისტორიას ჰყვება