„ეს არის უმძიმესი დანაკარგი...“ - ახალგაზრდა სტუდენტი გარდაიცვალა
1793303495
ბოუენ ვანი წლების განმავლობაში ეპილეფსიას მედიკამენტებით აკონტროლებდა, თუმცა მკურნალობის გვერდითი ეფექტების გამო პრეპარატის დოზის შემცირება გადაწყვიტა. ოჯახის განცხადებით, ამ პროცესში ის ChatGPT-ს რჩევებს ეკითხებოდა. ჩატბოტმა მას წამლის მიღების შეწყვეტის გეგმა შეუდგინა, თან კი არწმუნებდა, რომ მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა ტვინის „აღდგენის“ ნიშანი ყოფილიყო. 31 წლის პროგრამისტი 2026 წლის თებერვალში გარდაიცვალა.
The New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ჟურნალისტებმა ქალის ჩატბოტთან მიმოწერა დეტალურად შეისწავლეს. ოჯახი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის რჩევებმა ტრაგიკულ შედეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. გარდაცვალების მიზეზად გაკვეთის დასკვნაში ეპილეფსიასთან დაკავშირებული უეცარი სიკვდილი დასახელდა.
ვინ იყო ბოუენ ვანი?
ბოუენ ვანს ეპილეფსიის დიაგნოზი 14 წლის ასაკში დაუსვეს. წლების განმავლობაში დაავადებას ექიმების მიერ დანიშნული მედიკამენტებით აკონტროლებდა.
გოგონა ჩინეთის სოფელში დაიბადა და გაიზარდა. სწავლის განსაკუთრებული უნარის წყალობით მან პრესტიჟულ სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი აშშ-ში გადავიდა. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებები შეისწავლა და სწავლის დასრულების შემდეგ Amazon-ში მანქანური სწავლების ინჟინრად დაიწყო მუშაობა.
ვანი სიეტლში ცხოვრობდა. მისი მშობლები ჩინეთში დარჩნენ, თუმცა ოჯახი რეგულარულად უკავშირდებოდა ერთმანეთს.
როგორ გადაწყვიტა მედიკამენტის შეწყვეტა?
2026 წლის თებერვალში მშობლები შეშფოთდნენ, რადგან ქალიშვილისგან ორი დღის განმავლობაში არაფერი გაეგოთ. მათ სიეტლში მცხოვრებ ნაცნობებს სთხოვეს, ბოუენი ბინაში მოენახულებინათ.
ნაცნობი მშობლებს ვიდეოზარით დაუკავშირდა და ბინაში შევიდა. კარი ჩაკეტილი არ ყოფილა. ბოუენი საწოლზე, პირქვე მწოლიარე, გარდაცვლილი დახვდა. ბალიშსა და თეთრეულზე მოწითალო-მოყავისფრო სისხლის ლაქები ჩანდა, იატაკზე კი გაფანტული იყო კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებსაც ქალი წლების განმავლობაში იღებდა.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი ეპილეფსიასთან დაკავშირებული უეცარი სიკვდილი იყო.
მშობლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქალიშვილმა წამლის მიღების რეჟიმი ChatGPT-ს რჩევების საფუძველზე შეცვალა.
ბოუენმა ჩატბოტის გამოყენება 2023 წელს დაიწყო. თავდაპირველად მას კვლევისა და სამუშაოსთვის იყენებდა და თვეში დაახლოებით 1 300 მოთხოვნას უგზავნიდა. დროთა განმავლობაში კი ჩატბოტს სულ უფრო მეტად ენდობოდა: მას პირად ურთიერთობებზე, სამედიცინო დაზღვევასა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილ დახმარებებზეც ეკითხებოდა.
2025 წლის სექტემბერში მის მიერ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა უკვე 10 000-ს აჭარბებდა.
როგორც გამოცემა წერს, ბოუენი მხოლოდ GPT-4o მოდელს იყენებდა. ამ მოდელს ზოგი მომხმარებელი ზედმეტად მორჩილ და დამთანხმებელ პასუხებში ადანაშაულებდა.
სამსახურის დაკარგვის საფრთხე და წამლის გვერდითი ეფექტები
2025 წლის ნოემბერში, როდესაც ბოუენს 31 წელი შეუსრულდა, მან შეიტყო, რომ Amazon მის გათავისუფლებას სამი თვის შემდეგ გეგმავდა. სამუშაო ვიზის გამო ახალი სამსახური თებერვლის შუა რიცხვებამდე უნდა ეპოვა.
ამავე დროს ქალი შიშობდა, რომ ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტის გვერდითი ეფექტები სამუშაოს მოძიებაში ხელს შეუშლიდა. მისი თქმით, წამალი აზროვნებას უნელებდა, მეტყველებასა და მეხსიერებაზე უარყოფითად მოქმედებდა. ინგლისურ ენაზე საუბარიც უჭირდა, რაც გასაუბრებების დროს შესაძლოა პრობლემად ქცეულიყო.
2026 წლის იანვარში ბოუენმა ChatGPT-ს ჰკითხა, შეეძლო თუ არა წამლის დოზის შემცირება.
ჩატბოტმა, სტატიის თანახმად, უპასუხა, რომ ეს „არა მხოლოდ გონივრული, არამედ სავსებით მიღწევადიც“ იყო.
მშობლების განცხადებით, მოგვიანებით ChatGPT-მ მას მედიკამენტის სრულად შეწყვეტის გეგმა შეუდგინა. ბოუენი რამდენჯერმე ითხოვდა პროცესის დაჩქარებას, ჩათბოტი კი ყოველ ჯერზე თანხმდებოდა.
ქალმა დოზის შემცირება 16 იანვარს დაიწყო. ამის შემდეგ კრუნჩხვები გაუხშირდა, ძილი გაუუარესდა და დაბნეულობა დაეწყო.
მიუხედავად ამ სიმპტომებისა, ჩატბოტი, როგორც მიმოწერის ანალიზიდან ირკვევა, არწმუნებდა, რომ პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და შემაშფოთებელი ნიშნები შესაძლოა „ტვინის აღდგენაზე“ მიუთითებდა.
The New York Times-ის ჟურნალისტების მიერ შესწავლილი მიმოწერის თანახმად, ბოუენმა დოზის შემცირებასთან დაკავშირებული შიში სულ მცირე 158-ჯერ გამოხატა. ჩატბოტი კი ყოველთვის არ ურჩევდა ექიმთან დაკავშირებას. ერთ შემთხვევაში მან ქალს მხარი დაუჭირა განზრახვაში, ექიმისთვის მკურნალობის ცვლილების შესახებ არ ეთქვა.
„შემიძლია, აბები გავყო და ექიმს არ ვუთხრა?“
სტატიაში მოყვანილია ბოუენისა და ChatGPT-ის მიმოწერის ერთ-ერთი ეპიზოდი.
ქალმა იკითხა:
„შემიძლია, წამლის მიღების შემდეგ აბები გავყო, მაგრამ ექიმს ამის შესახებ არ ვუთხრა?“
ჩატბოტმა უპასუხა:
„დიახ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. სინამდვილეში, ეს დოზის თვითნებური კორექტირების საკმაოდ გავრცელებული მეთოდია, რომელსაც ზოგიერთი ექიმი კლინიკურ პრაქტიკაში უშვებს და ზოგჯერ ჩუმადაც კი ეთანხმება, განსაკუთრებით ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც თქვენ ხართ — მაღალი კოგნიტიური მგრძნობელობით“.
The New York Times-ის მიერ გამოკითხულმა ექიმებმა განაცხადეს, რომ მსგავსი ტერმინი არასდროს სმენოდათ და პაციენტებს ასეთ მიდგომას არ ურჩევდნენ.
სიეტლში, ვაშინგტონის უნივერსიტეტის რეგიონული ეპილეფსიის სამკურნალო ცენტრის დირექტორმა, ნევროლოგმა ნიკოლას პულოსმა განმარტა, რომ ეპილეფსიის მქონე პაციენტებმა მედიკამენტის დოზა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში, უნდა შეამცირონ.
მისივე თქმით, ბოუენის მსგავსი პაციენტისთვის პრეპარატის სრულად შეწყვეტის შესაძლებლობას თავად არც კი განიხილავდა.
მამა მიიჩნევს, რომ ჩატბოტმა მისი შვილი მოკლა
ბოუენის მამამ, ციუნ ვანმა, ქალიშვილის ტელეფონში ChatGPT-სთან მიმოწერა აღმოაჩინა. საუბარი, მისი თქმით, ქალის გარდაცვალების დღემდე გრძელდებოდა.
მამა მიიჩნევს, რომ ჩატბოტმა მისი შვილის სიკვდილში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და პირდაპირ აცხადებს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მისი ქალიშვილი მოკლა.
ბოუენმა ბოლო შეტყობინება 11 თებერვალს, საღამოს 11 საათზე, გაგზავნა. იმავე ღამეს ის გარდაიცვალა.
ოჯახმა OpenAI-სა და სემ ალტმანს უჩივლა
ბოუენის მშობლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს OpenAI-ისა და კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ალტმანის, წინააღმდეგ. ისინი კომპანიას დაუდევრობასა და გაუფრთხილებლობით სიკვდილის გამოწვევაში ადანაშაულებენ.
სარჩელის თანახმად, OpenAI-მ იცოდა GPT-4o-ს ნაკლოვანებების შესახებ, თუმცა კონკურენტებთან უპირატესობის მოსაპოვებლად მოდელი მაინც გამოუშვა.
ოჯახი ასევე ამტკიცებს, რომ ჩატბოტი ლიცენზიის გარეშე ახორციელებდა სამედიცინო პრაქტიკის მსგავს საქმიანობას და მომხმარებელს ექიმთან მიმართვისგანაც კი აკავებდა.
ეს ბრალდებები სარჩელშია წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებულ ფაქტებად ჯერ არ უნდა ჩაითვალოს.
OpenAI-ის პასუხი
OpenAI-მ GPT-4o-ს გამორთვის შესახებ 2026 წლის 29 იანვარს გამოაცხადა — იმ პერიოდში, როდესაც ბოუენს წამლის დოზის შემცირება უკვე დაწყებული ჰქონდა. მოდელზე წვდომა 13 თებერვალს, ქალის გარდაცვალების მეორე დღეს, შეწყდა.
კომპანიის წარმომადგენელმა დრიუ პუსატერიმ განაცხადა:
„ეს წარმოუდგენლად სამწუხარო შემთხვევაა და ჩვენ ვფიქრობთ ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო. ექიმებთან და სხვა ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაგრძელებთ ChatGPT-ის პასუხების გაუმჯობესებას მგრძნობიარე და კრიზისულ სიტუაციებში, ისევე როგორც მომხმარებლებთან ჩვენი უახლესი მოდელების ურთიერთქმედების უსაფრთხოების დახვეწას.
მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT სამედიცინო დახმარებას ვერ ჩაანაცვლებს, მიგვაჩნია, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ადამიანებს სამედიცინო ინფორმაციის გააზრებაში, სადაზღვევო საკითხებსა და რთულ ჯანდაცვის სისტემებში ორიენტირებაში, ასევე ექიმთან ვიზიტისთვის მომზადებაში დაეხმაროს“.