1904 წლის 25 დეკემბერს ტფილისში ელექტროტრამვაი შევიდა ექსპლუატაციაში - ისტორია

ელექტროტრამვაი

1904 წლის 25 დეკემბერს ტფილისში ელექტროტრამვაი შევიდა ექსპლუატაციაში.

XX საუკუნის დასაწყისში ტფილისის განვითარებასა და მოსახლეობის ზრდასთან ერთად ნათელი გახდა, რომ ცხენის ძალაზე მომუშავე „კონკა“ თანამედროვე ელექტროტრამვაით უნდა ჩანაცვლებულიყო. ამიტომ ქალაქის მმართველობამ ელექტროტრამვაის ხაზის გაყვანა გადაწყვიტა. პროექტს სათავეში ჩაუდგა ბელგიური ფირმა „ელექტრონული საზოგადოება ჰელიოსი“, რომლის სამმართველო მიხეილის პროსპექტზე, მუშთაიდის ბაღში მდებარეობდა. ბელგიურმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, 11,5 კმ სიგრძის მქონე კონკის ხაზი ელექტროწევაზე გადაეყვანა და, ამავდროულად, ტრამვაის ხაზების სიგრძე 10,5 კმ-ით გაეზარდა.

1904 წლის 25 დეკემბერს ტფილისი რუსეთის იმპერიაში რიგით ოცდამეექვსე ქალაქი გახდა, რომელშიც ელექტროტრამვაი შევიდა ექსპლუატაციაში. 1913 წლისთვის ტრამვაისა და დამხმარე საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 1200-ს აღემატებოდა. ბელგიური ფირმა ელექტროტრამვაის ექსპლუატაციას 1915 წლამდე ეწეოდა, სანამ მას თბილისის თვითმმართველობა გამოისყიდიდა.

მგზავრობის საფასური, მარშრუტიდან გამომდინარე, 5-დან 15 კაპიკამდე მერყეობდა. ტრამვაის მძღოლებს ვატმანებს უწოდებდნენ. მგზავრობა ქალაქის მმართველობის მიერ გამოყოფილი ჟანდარმის მიერ კონტროლდებოდა.

1918 წლისთვის ტფილისში ტრამვაის 11-მდე რეგულარული მარშრუტი არსებობდა. ტრამვაიმ, განსაკუთრებული აქტუალობა საბჭოთა რეჟიმის პერიოდში შეიძინა, როდესაც ის ახალმშენებარე გარეუბნებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებდა და უამრავი მგზავრი გადაჰყავდა. XXI საუკუნის დასაწყისში – 2006 წელს – საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ელექტროტრამვაიმ არსებობა შეწყვიტა. 

წყარო: nationalgeographic.ge