1746733863
17 წელი იმუშავა სკოლაში ისე, რომ წერა-კითხვა არ იცოდა - როგორ ასწავლიდა ჯონი ბავშვებს

ჯონ კორკორანი - ადამიანი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და 17 წელი იმუშავა სკოლაში.
როგორც ჯონი ამბობს, რაც თავი ახსოვს, ცდილობდა ასოების შესწავლას, მაგრამ ვერაფრით არჩევდა ხმოვანსა და თანხმოვანს ერთმანეთისგან. შეიძლება მისი ცხოვრება სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ გასული საუკუნის 50-იან წლებში არავინ იცოდა, თუ რა იყო დისლექსია. მეორე კლასში ის ჩათვალეს გონებრივად ჩამორჩენილად, მესამე კლასში კი სჯიდნენ და აძალებდნენ წაკითხვას. ასე გადაჰყავდათ კლასიდან კლასში.
თავისი უცოდინრობა რომ დაეფარა, კორკორანმა დისციპლინის დარღვევა დაიწყო, რის გამოც გამუდმებით აგდებდნენ კლასიდან.
„მასწავლებელს ვაბარებდი სხვის ნაშრომებს, ვიპარავდი ტესტებს და ვთხოვდი თანაკლასელებს ჩემს მაგივრად დაეწერათ დავალებები. ვერ ვიგებდი, იქ რა ეწერა, მაგრამ ვიცოდი, რომ სხვა არჩევანი არ მქონდა“.
აღმოჩნდა, რომ ჯონი კარგად თამაშობდა კალათბურთს და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩააბარა კოლეჯში, სადაც მას სპორტული სტიპენდია და კალათბურთის გუნდში ადგილი ელოდა.
კოლეჯში სწავლის დროს პედაგოგებზე აგროვებდა ცნობებს, ლექციებზე ბლოკნოტის ფურცლებზე ხაზებს ავლებდა, რათა ლექტორს ჰგონებოდა, რომ მისი საუბრიდან რაღაცას იწერდა. ლექციის დასრულების შემდეგ ამოხევდა ფურცელს, დაკუჭავდა და ურნაში აგდებდა, რათა არავის დაენახა მისი ნაჯღაბნი და ის, რომ მას არ შეეძლო წერა. სხვადასხვა ხერხით შეძლო კოლეჯის დამთავრება და დიპლომის აღება - ინგლისური ენის სპეციალისტის განხრით.
ასე გახდა ჯონ კორკორანი მასწავლებელი, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა. ყოველდღე კლასში მოსწავლეებს აძლევდა დავალებებს წაეკითხათ ხმამაღლა და შემდეგ დაეწერათ დაფაზე. მას ჰქონდა შემუშავებული სტანდარტული ტესტები, რომელთა შემოწმებაც შეეძლო. ასე იმუშავა სხვადასხვა სკოლაში 17 წელი.
„როგორც პედაგოგი, ძალიან ვწუხდი, რომ არ ვიცოდი წერა-კითხვა. ეს იყო სამარცხვინო ჩემთვის, ქვეყნისთვის და სკოლისთვის."
1965 წელს ჯონი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს კეიტილინს. მან გაანდო თავისი საიდუმლო: "რაღაც უნდა გაგანდო, - უთხრა მან ქორწილის წინა დღეს. - მე არ ვიცი წერა და კითხვა".
მთელი ცხოვრება ჯონის მეუღლე მის მაგივრად წერდა წერილებს, დოკუმენტებს, გზავნილებს... რამდენიმე ხნის შემდეგ მან იყიდა სახლი და გააქირავა, შემდეგ კიდევ და კიდევ. რაღაც პერიოდი კარგად მიდიოდა ბიზნესი, შემდეგ კი ვალები დაედო. ჯონმა თავისი სახლი ბანკში ჩადო, რათა ვალების ნაწილი დაეფარა, შემდეგ წავიდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც კითხვის წრე ჰქონდათ გახსნილი. მიუახლოვდა ქალს და უთხრა: "მე არ ვიცი კითხვა“ და ატირდა.
ფონეტიკური მეთოდის გამოყენებით, ძალიან ნელა და მოთმინებით, მას შეასწავლეს ასოები. 1 წლის შემდეგ მისი ბიზნესი ისევ აყვავდა. ჯონი კი თანდათან სწავლობდა კითხვას. ის ცდილობდა წაეკითხა ყველაფერი.
კონფერენციაზე სან-დიეგოში, სადაც ესწრებოდნენ ბიზნესმენები, ჯონ კორკორანმა მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებდა ბიზნესს წერა-კითხვის ცოდნის გარეშე. იგი გახდა ქალაქის საკრებულოს წევრი უწიგნურობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ორი წიგნის ავტორია: „მასწავლებელი, რომელმაც არ იცოდა წერა-კითხვა“ და „გზა განათლებისკენ“. ასევე შექმნა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა ადამიანებს წერა-კითხვის შესწავლაში.
ასევე ნახეთ: