„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
გამოჩენილი მეცნიერის, მარი კიურის ჩანაწერი წიგნაკები, რომლებშიც იგი რადიუმის აღმოჩენის ექსპერიმენტებს აღწერდა, დღემდე რადიოაქტიურია.
როგორც Scienceblog წერს, მათი შექმნიდან 100 წელზე მეტი ხნის შემდეგაც კი, ეს დოკუმენტები საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ტყვიის კონტეინერებში ინახება. მკვლევრებს მათთან მუშაობა მხოლოდ დამცავი კოსტიუმებით შეუძლიათ, მას შემდეგ, რაც ხელს მოაწერენ სპეციალურ განცხადებას.
მიზეზი ის არის, რომ XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში მარი კიურიმ და მისმა მეუღლემ, პიერ კიურიმ, არ იცოდნენ იონიზებადი გამოსხივების საფრთხის შესახებ და მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ რადიოაქტიურ მასალებთან. სტატიაში აღნიშნულია, რომ 1898-დან 1902 წლამდე წყვილმა დაახლოებით 8 ტონა ურანის მადანი გადაამუშავა, რათა სულ რაღაც ერთი მეათედი გრამი რადიუმის ქლორიდი მიეღოთ. ამისთვის ისინი თითქმის 4 წლის განმავლობაში ხელით ფქვავდნენ, ადუღებდნენ და მრავალჯერ წმენდდნენ მადანს ძველ ფარდულში, რომელსაც სახურავიდან წყალი ჩადიოდა და რომელიც მათ ლაბორატორიის მაგივრობას უწევდა.
მარი კიური მოგვიანებით იხსენებდა, რომ ყოველდღე საათობით ურევდა მდუღარე მასას მძიმე რკინის ღეროთი და საღამოსთვის სრულიად გამოფიტული იყო. მიღებული რადიუმი იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად იქცა. ნივთიერება სიბნელეში ანათებდა, გამოსცემდა სითბოს ენერგიის გარეგანი წყაროს გარეშე და მეცნიერებს საშუალება მისცა, უფრო ღრმად ჩასწვდომოდნენ რადიოაქტიურობის ბუნებას.
თუმცა, მეუღლეებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რამდენად საშიში იყო ამ ელემენტთან მუდმივი მუშაობა. მათ რადიუმის ნიმუშები ჯიბით დაჰქონდათ, სახლში ინახავდნენ და საღამოობით სინჯარების ნაზი, მოცისფრო ნათებით ტკბებოდნენ.
დღეს ცნობილია, რომ რადიუმ-226-ის ნახევრადდაშლის პერიოდი დაახლოებით 1600 წელია. ეს ნიშნავს, რომ იმ საგნების რადიოაქტიურობა, რომლებთანაც მარი კიური მუშაობდა, მხოლოდ ოდნავ შემცირდა და საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც კი საგრძნობი რჩება.
ამიტომ, რადიოაქტიურია არა მხოლოდ მეცნიერის ლაბორატორიული ჩანაწერები, არამედ მისი ზოგიერთი პირადი ნივთიც - ავეჯი, კულინარიული წიგნები და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც პარიზში, კიურის მუზეუმში ინახება. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რადიაციული უსაფრთხოების სპეციალისტებმა რადიოაქტიური დაბინძურების კვალს პარიზის იმ შენობებშიც მიაგნეს, სადაც მეუღლეები მუშაობდნენ.
რადიაციის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ სერიოზული კვალი დაატყო ოჯახის ჯანმრთელობას. მარი კიური 1934 წელს, 66 წლის ასაკში, აპლასტიური ანემიით გარდაიცვალა - დაავადებით, რომელსაც დღეს ქრონიკულ დასხივებას უკავშირებენ. მისი ქალიშვილი, ირენ ჟოლიო-კიური, რომელმაც ასევე რადიოაქტიურობის შესწავლას მიუძღვნა ცხოვრება, ლეიკემიით გარდაიცვალა.
თვით მარი კიურის ნეშტიც კი რადიოაქტიურია. როდესაც 1995 წელს მეცნიერის ნეშტი პარიზის პანთეონში გადაასვენეს (სადაც ის გახდა პირველი ქალი, ვისაც ეს პატივი საკუთარი დამსახურების გამო ხვდა წილად), მისი კუბო დამატებით ტყვიის გარსით დააზღვიეს.
საკუთარი ჯანმრთელობისთვის უდიდესი რისკის მიუხედავად, მარი და პიერ კიურის აღმოჩენამ შეცვალა მეცნიერების ისტორია. სწორედ რადიუმმა მისცა საშუალება ერნესტ რეზერფორდს, გამოეკვლია ალფა-, ბეტა- და გამა-გამოსხივების ბუნება, ბიძგი მისცა ბირთვული ფიზიკის განვითარებას და საფუძვლად დაედო კიბოს სხივური თერაპიის პირველ მეთოდებს.
ამასთანავე, მეუღლეებმა კიურებმა შეგნებულად თქვეს უარი რადიუმის მიღების ტექნოლოგიის დაპატენტებაზე. მარი კიური მიიჩნევდა, რომ აღმოჩენა არა ცალკეულ ადამიანებს, არამედ მთელ მეცნიერებას უნდა ეკუთვნოდეს.