1791316484
ზვიად გაბისონიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და რეგულირების ტენდენციები“. შეხვედრა KIU-ს შემოქმედებით-ინოვაციურ სივრცეში - univerCity გაიმართა. ლექციას KIU-ს აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი, კანცლერი ლევან კოპალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ზვიად გაბისონიამ სტუდენტებს ციფრული მმართველობისა და სამართლის ტექნოლოგიების განვითარების ძირითადი ასპექტები გააცნო. მან სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო პრაქტიკასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების სამართლებრივ მიდგომებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროკავშირის რეგულაციებზე, საერთაშორისო სამართლებრივ აქტებსა და ეთიკურ-სამართლებრივ სტანდარტებზე.
შეხვედრის დასასრულს ზვიად გაბისონიამ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ახალგაზრდები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებით, მისი რეგულირების სამართლებრივი ასპექტებითა და შრომის ბაზარზე მოსალოდნელი ტენდენციებით. შეხვედრაში KIU-ს სამართლისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.










