ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი გაიმართა

კიუ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა.  ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ზვიად გაბისონიამ და KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო KIU-ს სკოლების სტუდენტთა სამეცნიერო და STEM მიმართულების პროექტები.

საგამოფენო სივრცეში მოეწყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო-შემეცნებითი კუთხეები. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს Horizon EU ოფისისა და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის წარმომადგენლებმა, რომლებმაც წამოადგინეს პროექტები რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიღწევებისა და ინიციატივების შესახებ. ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა მიიღო KIU კაპელამ.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტში ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რეგიონული საგანმანათლებლო ფესტივალი მიუძღვნა მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეს, რასთან დაკავშირებითაც მოხსენება გააკეთა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.

ფესტივალის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, საქართველოს რეგიონებში არსებული სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა, ახალგაზრდა მკვლევრების, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობის გაძლიერება და მეცნიერების ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

რეგიონული სამეცნიერო ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

✕