1774295087
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე 27 მარტს გაიმართება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) აბიტურიენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე 27 მარტს გაიმართება.
ღია კარის დღეების მიზანია აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ეკოსისტემის, საერთაშორისო სტანდარტების პროგრამებისა და ახალგაზრდული შესაძლებლობების გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია KIU-ს უნიკალურ საბაკალავრო პროგრამებზე, საგრანტო და გაცვლით პროექტებზე, სტიპენდიებზე; შეხვდნენ პროგრამების ხელმძღვანელებს, აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს; დაათვალიერონ კამპუსი და მოინახულონ უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:https://forms.office.com/e/8LB7TCFV0J
რეგისტრაცია შესაძლებელია 26 მარტის 18:00 საათამდე. ღია კარის დღის დასტურსა და დამატებით ინფორმაციას რეგისტრირებულები მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე.
აღსანიშნავია, რომ KIU-მ აბიტურიენტებისთვის ორი ღია კარის დღე უკვე გამართა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები გამოირჩევიან აკადემიური წარმატებით. KIU ხელს უწყობს მათ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას, ქმნის ინოვაციურ გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობაში. KIU-ს სტუდენტები, სასწავლო პროცესის პარალელურად, მონაწილეობენ ტექნოლოგიების საერთაშორისო გლობალურ ცენტრებში გამართულ კონფერენციებშიც. სტუდენტები ამყარებენ საერთაშორისო საქმიან კავშირებს მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ეცნობიან ინდუსტრიის ტენდენციებს, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას.
KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, ინფრასტრუქტურისა და აკადემიური გარემოს გაუმჯობესებაზე. KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც მოიცავს ულტრათანამედროვე სასწავლო და სტუდენტურ საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში მიმდინარეობს ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. მათ შორისაა როგორც ადმინისტრაციულ- საგანმანათლებლო, ისე საცხოვრებელი კომპლექსი.
საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ KIU-ს განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.










