მანდატურის სამსახური სასკოლო სივრცეში აღდგენითი პროცესების ახალი მოდელის დანერგვას იწყებს

მანდატური

,,ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მიღწეული შედეგების მდგრადობის და შენარჩუნების მიმართულებით, ასევე ახალი ინიციატივების და პროექტების დანერგვას“- ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

რა გამოწვევებს აწყდებოდა მანდატურის სამსახური გასული წლის განმავლობაში და რამდენად ეფექტიანად შეძლო ამ გამოწვევებთან გამკლავება, ამ და სხვა კითხვებს გელა გელაძემ უპასუხა.

 

-  2022 წელს, განსხვავებით წინა პერიოდისგან, მოსწავლეები უკვე სრულფასოვნად დაუბრუნდნენ სასკოლო სივრცეს. როგორი იყო ეს წელი სასკოლო უსაფრთხოების კუთხით? 

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, სასკოლო უსაფრთხოების მიმართულებით, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ ცალკეულ დარღვევებზე რეაგირებას, არამედ - პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. სწორედ პრევენციული მიმართულების გაძლიერებით, ჩვენ შევძელით სასკოლო სივრცეში თავიდან აგვერიდებინა ბევრი, საკმაოდ სახიფათო რისკის შემცველი შემთხვევა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამოწვევები და სირთულეები იყო, რაც სრულიად ბუნებრივია, სასკოლო ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე. თუ გასული წლის სტატისტიკას შევაფასებთ, მთავარი დარღვევები სკოლებში დისციპლინურ გადაცდომებს უკავშირდებოდა; იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები; გვხვდებოდა ოჯახური ძალადობის შემთხვევები, რის გამოვლენასაც ჩვენი სამსახური დიდი ყურადღებით ეკიდება. ასევე, ჩვენი მანდატურების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, სკოლებიდან მოხდა არაერთი აკრძალული ნივთის პრევენციულად ამოღება.

 

- რა გამოწვევებს აწყდებოდა თქვენი სამსახური გასული წლის განმავლობაში და რამდენად ეფექტიანად შეძლო მან ამ გამოწვევებთან გამკლავება?

როდესაც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, აქ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ჩვენ ვახორციელებთ დარღვევების დეტალურ აღრიცხვას და ანალიზს, რათა გვქონდეს რეალური სურათი, რა გამოწვევები არსებობს სასკოლო უსაფრთხოების კუთხით და რა პრევენციული ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ მათ თავიდან ასარიდებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ კონფლიქტებზე რეაგირების, აკრძალული ნივთების ამოღების ან დარღვევების აღრიცხვის მიმართულებით, არამედ, ვცდილობთ ვებრძოლოთ გამომწვევ მიზეზებს, რაც სასკოლო უსაფრთხოების თვალსაზრისით ამა თუ იმ დარღვევას განაპირობებს. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ძალადობასა და ბულინგზე, მანდატურის სამსახურმა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საპილოტე სკოლებში უკვე განახორციელა ბულინგისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის გრძელვადიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში ინტერვენცია მოხდა საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან -  პედაგოგებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან. ამასთან, საპილოტე სკოლებში დავნერგეთ ჩვენ მიერ შემუშავებული ახალი მოდული მოზარდებში გაჯეტდამოკიდებულებასა და კიბერბულინგთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. 

 

- მშობლების ნაწილი ამბობს, რომ არ იციან მათი შვილები რას მოიმოქედებენ, როცა სახლიდან გადიან. არის ეს თამბაქოს მოხმარება თუ სხვა სარისკო ქცევები. ამ მხრივ როგორ ეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში მანდატურის სამსახური?

პრევენციის მიმართულებით, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს. ჩვენმა თანამშრომლებმა -მანდატურებმა, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმა მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და მასწავლებლებთან/ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, ათასობით საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია და მათზე რეაგირება, დესტრუქციული ქცევის, კრიზისული სიტუაციების მართვა; მოწყვლადობის რისკის წინაშე მყოფი მოსწავლეების იდენტიფიცირება; ძალადობა და კიბერბულინგი; ოჯახში ძალადობა; ბავშვთა ასაკში ქორწინება; გენდერული თანასწორობა; ტოლერანტობა;ბავშვთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული მიდგომები.

გარდა ამისა, ჩვენი ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობდა საჭიროების მქონე მოზარდების როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ თერაპიებს, ასევე, მშობელთა ფსიქო განათლებას. პარალელურად, ცენტრის სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის უწყებებთან და მონაწილეობენ მულტისექტორულ შეხვედრებში.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში აქტიურად ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, რომლის მიზანია კრიზისული შემთხვევების ადგილზე შეფასება, სიტუაციის პირველადი მართვა, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა. ამ მიზნით, 2022 წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით ვიზიტი568  საჯარო სკოლაში განხორციელდა.

აქვე, მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, რაც საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერებას უკავშირდება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, თბილისსა და რეგიონებში, ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური ამჟამად შესულია საქართველოს 56 საჯარო სკოლაში. საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა,როდესაც სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და თავის ფუნქცია-მოვალეობებს ის უშუალოდ ადგილზე ახორციელებს. აქამდე, სოციალური მუშაობა სკოლებში საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში ხორციელდებოდა.

სკოლის სოციალური მუშაობა გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, ასევე, მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას, მათ შორის, სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების სასკოლო სივრცეში დაბრუნებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში, სკოლაში სოციალური მუშაობის მიმართულებით ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, სადისკუსიო და საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 5005  მასწავლებელი,  776  - ადმინისტრაციის წარმომადგენელი;  45519 - მოსწავლე;  6096 - მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.

როგორც თქვენთვის ცნობილია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ჩვენ დავიწყეთ საგანმანათლებლო სივრცეში სასკოლო მედიაციის, განხორციელება, რაც აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია. სასკოლო მედიაციის მიზანი, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენციაა. მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები უძღვებიან.

 

- რამდენ სკოლაშია ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური წარმოდგენილი?

- 2022 წელს, ჩვენ, გეგმის მიხედვით გავაგრძელეთ მანდატურის სამსახურის გაფართოების პროცესი. ჩვენი სამსახური, დამატებით, საქართველოს რეგიონების კიდევ 85 საჯარო სკოლაში შევიდა. მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური,საქართველოს მასშტაბით, 692 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. ამ სკოლებში მოსწავლეთა საერთო რაოდენობის, დაახლოებით, 95% სწავლობს. ასევე, მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა, კონკურსის წესით, გასულ წელს, 361ახალი მანდატური შეარჩია. მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლებში განაწილდნენ.

- როგორია თქვენი გეგმები მომავალი წლისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მანდატურის სამსახურისგან 2023 წელს? 

- ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ როგორც რეაგირების კომპონენტის, ისე პრევენციული მიმართულების გაძლიერებას. ასევე, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. ჩვენ ვიწყებთ აღდგენითი პროცესების ახალი მოდელის დანერგვას სასკოლო სივრცეში. ასევე, იწყება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების კომპონენტის განვითარებაზე მუშაობა. იგეგმება მანდატურის სამსახურის შესვლა, სოციალური მუშაობის კომპონენტით, რესურს სკოლებში და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელის დანერგვა. აღნიშნული მოდელი, საქართველოს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გასაძლიერებლად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (STATPED) მიერ, ერთობლივი პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“ ფარგლებში შემუშავდა. უკვე მომზადდა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის დაფუძნებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების  პროექტი. მოხდა ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობასთან დაკავშირებული საჭიროებების შესწავლა, ჩატარდა არაერთი სამუშაო შეხვედრა თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობით არასამთავრობო  ორგანიზაციებთან, რომლის მონაწილეები გაეცნენ ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ახალ მოდელს და მის დანერგვასთან  დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს.

ასე რომ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები 2023 წლისთვის. ვაგრძელებთ მუშაობას როგორც მიღწეული შედეგების მდგრადობის და შენარჩუნების მიმართულებით, ასევე ახალი ინიციატივების და პროექტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო, მეგობრული და თანასწორი სასკოლო გარემოს განმტკიცებას

აქვე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ერთიანი გუნდის სახელით მოგილოცოთ დამდეგი შობა და ახალი წელი! იმედი მაქვს, რომ 2023 წელი იქნება ნაყოფიერი და წარმატების მომტანი მთელი საქართველოსთვის!