1774906632
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა ცვლილება, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
ცვლილების თანახმად, გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მომხსენებლის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის თქმით, პირველი მოსმენის შემდეგ კანონში ცვლილებები არ განხორციელებულა.










