განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი

„საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის განათლების მინისტრთან შედგა ოფიციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის  პერსპექტივები.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც იძლევა საშუალებას, პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ჩამოვაყალიბოთ ქმედითი ფორმატი. კერძოდ, მინისტრის მოადგილეების დონეზე შეიქმნება  სამუშაო ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლები იმუშავებენ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სფეროებში ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, განხორციელებაზე,“ – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სექტემბერში თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, სადაც საქართველოსა და თურქმენეთის განათლების მინისტრების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

„სექტემბრის დასაწყისში დაიგეგმა ჩემი ვიზიტი თურქმენეთში, სადაც მინისტრების მონაწილეობით ჩატარდება პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც უკვე განისაზღვრება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის განხორციელება მინისტრის მოადგილეებს დაევალებათ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის – განსაკუთრებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ არსებული ურთიერთობები განვითარდეს, გაღრმავდეს და მაქსიმალურად გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა,“ – აღნიშნა მინისტრმა.