„ფაქტია, შესაძლებელია, მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ“ - რას ამბობს განათლების ექსპერტი

ტუში

„სანამ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური არ გახდება, ეროვნული გამოცდების ფორმატის შეცვლაზე უნდა იფიქრონ“ - ამის შესახებ განათლების მკვლევარმა, სიმონ ჯანაშიამ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესში ერთ-ერთი დავალების ამსახველი ფოტოსურათის ინტერნეტში გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

„უფრო მეტად კარგავს აზრს ამდენი ენერგიის ხარჯვა ამ გამოცდებზე. ადგილების რაოდენობა აჭარბებს მსურველების რაოდენობას და ასეთ მიმართულებებზე საერთოდ უაზრობაა, რა საჭიროა ამხელა ძალისხმევა. ამასთან, ეს აზრს კარგავს, რადგან ეს საგამოცდო სისტემა თავისი პროცედურებით შემუშავებულია 2003 წლის პრობლემების შესაბამისად, რომელიც დიდი ხანია აღარ არსებობს. უკვე დიდი ხანია ამ სისტემის გადახედვა არის საჭირო, რომ შეფასება ხდებოდეს მრავალმხრივი კრიტერიუმით, მოსწავლეებს შეეძლოთ მათი კომპეტენცია მრავალმხრივად დაადასტურონ“, – განაცხადა განათლების სპეციალისტმა.

განათლების მკვლევარი ფიქრობს, რომ რეალურად, გამოსაცდელთა მხრიდან ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების მასშტაბები არ ვიცით და ესეც რომ არა, ეროვნული გამოცდები ვერ უზრუნველყოფს, დაადგინოს, არიან თუ არა აბიტურიენტები მომზადებული უნივერსიტეტისთვის.

„ფაქტია, შესაძლებელია, მოწყობილობის გამოყენება ისე, რომ აბიტურიენტები ვერ გამოიჭირონ, უბრალოდ არ ვიცით, რა მასშტაბებით ხდება. სანამ ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური არ გახდება, ფორმატის შეცვლაზე უნდა იფიქრონ და უნივერსიტეტებს გადააბარონ ამ გამოცდების და მისაღები კრიტერიუმების ნაწილი. უნივერსიტეტებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილები და ფული განაწილდეს საუკეთესოებს შორის, არამედ ეს საუკეთესოები უნივერსიტეტისთვის მომზადებული იყვნენ, “ - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

წყარო: edu.aris.ge