1732276666
ელდინო საღარაძე ბავშვისთვის ლექსის დაზეპირების მნიშვნელობას განმარტავს
მსახიობი, პოეტი და სასცენო მეტყველების პედაგოგი ელდინო საღარაძე გადაცემაში "იმედის დღე" პოეზიასა და ბავშვებში შემოქმედებითი აქტივობების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რა გავლენა აქვს, ლექსის ზეპირად დასწავლას ბავშვის ცხოვრებასა და განვითარებაზე:
- ქვეცნობიერში პლასტის გააქტიურების ორი მეთოდი არსებობს. პირველი, სტრესია. მაგალითად, ბავშვი ხელს რომ დაიწვავს, მეორედ აღარ მივა. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი - გამეორებაა. ალბათ, მოგისმენიათ აფირმაციები: "მე ძლიერი ვარ", "მე ჯანმრთელი ვარ" - ეს ძალიან ეფექტური გზაა. იმუშაო პოეზიაზე, ეს, ფაქტობრივად, აფირმაციაა.
ბავშვი რომ ვაჟას ამ სიტყვებს იმეორებს ხშირად:
"რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!.." - მის ქვეცნობიერში მნიშვნელოვანი პლასტი აქტიურდება და საიდანაც გინდათ, იქედან დაუბეროს ქარმა, ის საყრდენი ექნება, რომელიც კლასიკოსებმა შექმნეს.
რუსთაველი, ვაჟა, ილია... რა ოქროს საბადოს პატრონები ვართ. ლიტერატურა ეროვნული და ინდივიდუალური ზესვლის საშუალებაა. მურმან ლებანიძემ "ჭკვიანი მტრისა" და "უგუნური მოყვრის" მცნება შემოიტანა. ჭკვიანი მტრისა და უგუნური მოყვრის გაკეთებულია ის, რომ ეს თაობა პოეზიას მოაცილა. დღეს სკოლაში ლექსის სწავლას ზეპირად აღარ ავალებენ, რომ თავიანთი ქვეცნობიერის პლასტები გაააქტიურონ“ - აღნიშნავს გულისტკივილით ელდინო საღარაძე.