ვისთვის იგეგმება ფინანსური შეღავათის დაწესება

sesxi

ინდივიდუალური მეწარმის ფორმით არსებული სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ფინანსური შეღავათის დაწესება იგეგმება, რაც განმეორებითი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან მათ განთავისუფლებას გულისხმობს.

შესაბამისი ცვლილებები ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადეს, რომლის ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლდება სამეწარმეო საზოგადოება, რომლის ყველა წილის/აქციის მესაკუთრეა ის ფიზიკური პირი, რომელიც ამ პუნქტის ამოქმედების მომენტისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულია, როგორც სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმე და სამეწარმეო საზოგადოების ფორმით სესხის გამცემ სუბიექტად საქმიანობის გასაგრძელებლად დააფუძნებს სამეწარმეო საზოგადოებას და კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ სამეწარმეო საზოგადოებას გადასცემს სესხის გამცემი სუბიექტი ინდივიდუალური მეწარმის უფლებებსა და ვალდებულებებს.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ აღნიშნული შეღავათი გავრცელდება სამეწარმეო საზოგადოებაზე, რომელიც სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს არაუგვიანეს – 2023 წლის 1-ელი ივლისის. ინიციატორები განმარტავენ, რომ 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულია სულ 23 ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო სარეგისტრაციო მოსაკრებელი სესხის გამცემი სუბიექტისთვის 10 000 ლარს შეადგენს, შესაბამისად, მათი ცნობით, ყველა სესხის გამცემი სუბიექტი, ინდივიდუალური მეწარმე, ვინც დარეგისტრირდება სამეწარმეო საზოგადოებად, დაზოგავს – 10 000 ლარს.

„ამასთან, ასეთი პირების სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაცია გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაგალითად, სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 ლარს, დაჩქარებული წესით – 400 ლარს. სარეგისტრაციოდ წარდგენილ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება – რეგისტრაციის საფასურს – 7 ლარი დაემატება“, – ნათქვამია პროექტში.