პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის პირველი ივლისიდან ბუნებრივი გაზის ღირებულება იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ შპს „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
ამასთან, „თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.
„მოგეხსენებათ, რომ შპს „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის უმსხვილესი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატია, რომელიც ემსახურება თითქმის ნახევარმილიონ აბონენტს, მათ შორის 20 000-მდე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. ამასთან, კომპანიის უმთავრეს სალიცენზიო პირობას წარმოადგენს მომხმარებელთა უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგება. როგორც თქვენთვის ცნობილია, კომპანია ახორციელებს ბუნებრივი გაზის იმპორტს. შესაბამისად, მომწოდებლების მიერ ფასის კორექტირება აუცილებლად ახდენს გავლენას ტარიფზე.
ბოლო პერიოდში ბუნებრივი გაზის ფასი მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა და ზრდის ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია. მიუხედავად ამისა, ქართული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, შპს „თბილისი ენერჯი“ დღემდე ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ბუნებრივი გაზის შესაძენ და სარეალიზაციო ფასებს შორის წარმოქმნილი სხვაობა, რათა თავიდან აერიდებინა ტარიფის გაზრდა. იმის გათვალისწინებით, რომ არასაყოფაცხოვრებო დანიშნულების გაზის შესასყიდი ფასი 2022 წლის პირველი ივლისიდან შპს „თბილისი ენერჯისთვის“ კვლავ იზრდება, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ფასი დააკორექტიროს, რათა არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და მომხმარებლების უწყვეტი გაზმომარაგება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2022 წლის პირველი ივლისიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე განისაზღვრება 1.35 (ერთი ლარი და 35 თეთრი) ლარის ოდენობით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. მიუხედავად მატებისა, შპს „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი ყველაზე დაბალი იქნება ქვეყნის მასშტაბით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.