საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.4 %-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები, მათ შორის ფულადი და არაფულადი სახსრები, ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4 პროცენტით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5 პროცენტით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 90.5 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში – 94.2 პროცენტს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 83.2 პროცენტს შეადგენდა.

ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.9 პროცენტით გაიზარდა და 2 233 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 11.3 პროცენტით გაიზარდა და 1 954 ლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშით, ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.3 პროცენტი შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.3 პროცენტს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.9 პროცენტი შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 11.6 პროცენტით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით – 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე 603 ლარი შეადგინა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.3 პროცენტი შეადგინა. ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.1 პროცენტით გაიზარდა და 2 015 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 12.2 პროცენტით გაიზარდა და 1 799 ლარს გაუტოლდა.

საქსტატის ცნობით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 38.7 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.