საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა

საფინანსო-საბიუჯეტო

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.

მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი დაგროვებითი პენსიის იდეის განხორციელებას და იმ სახის ცვლილებებს გულისხმობს, რომელიც საპენსიო თანხების აღრიცხვიანობას და მის ბიუჯეტში და საპენსიო სააგენტოში შეტანას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

ნინო წილოსანის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობისას ეკონომიკის სამინისტროსთან და საპენსიო სააგენტოსთან კონსულტაციები გაიმართა და მათი მხრიდან უკვე იდენტიფიცირებული საკითხების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს კანონპროექტით შემოთავაზებული სიახლეები გააცნო და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილებების გაზრდა იგეგმება.

„მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, საპენსიო სააგენტოს კომპანიიდან და დასაქმების ადგილიდან, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით, ინფორმაციის გამოთხოვა და დასაქმებულის უფლებების დაცვა შეეძლება“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, კონკრეტული შემთხვევა დგინდება, როცა დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება. დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილებისას (შესწორებისას), გარდა საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის კორექტირებისა.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, არაგვის დაცული ტერიტორიის ფართობი 3600 ჰექტარით იზრდება და მას ვაშლობის ხეობის ნაწილი დაემატება.

კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2024 წლის ანგარიში“, ხოლო საპენსიო სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სსიპ- საპენსიო სააგენტოს 2024 წლის ანგარიში წარადგინა.

კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის წევრები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშების რეკომენდაციებს გაეცნენ.