საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით - მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ირკვევა, რომ საქართველო მსოფლიოში გამოირჩევა წინდახედული ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ სსფ-ის მიერ გამოქვეყნებული 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზების შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ დუნდუას თქმით, საქართველოს აქვს ისტორიულად საუკეთესო შედეგი.

„ძალიან კარგი პროგნოზი გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლის ჩათვლით – მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, როგორც მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ისე რეალურ გამოხატულებაში. საქართველოს აქვს ისტორიულად საუკეთესო შედეგი. პირველად მოხდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით, 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს – ანუ 2030 წელს, 30-წლიანი ეკონომიკური ზრდით, 21-ე საუკუნის მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა იქნება საუკეთესო სამეულში. გარდა ამისა, გაანალიზებულია 2012 წლის შემდგომ მიღწეული პროგრესი, სადაც ასევე ძალიან კარგი შედეგია. 2012 წლის შემდეგ ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 12-წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2028 წლიდან კი საუკეთესო სამეულში გადაინაცვლებს 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესის მიხედვით. 2012 წლის შემდეგ ერთ სულზე მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის 12-წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლისთვისაც ინარჩუნებს. თქვენ გახსოვთ პერიოდი, როდესაც 2012 წლამდე, საქართველო იყო კავკასიის სამეულში და მას ორი ან ერთი ქვეყანა მაინც უსწრებდა ეკონომიკური ზრდით.

დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც მსოფლიო სამეულში ვართ, 2024 წელს, ერთ სულზე რეალური ეკონომიკის გაზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში – პირველ ადგილზე. საქართველოს ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება ინკლუზიური განვითარებისთვის, ტურიზმისა თუ საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტების, მაგალითად, როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, განვითარებისთვის. პროექტის იდეა, იცით, რომ საქართველოს ეკუთვნის და მისი განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორებისთვის, ევროპისა და აზიის ძლიერი ენერგეტიკული კავშირის შექმნისთვის და ზოგადად, საქართველოს პროგრესისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.