რაში ხარჯავენ ყველაზე მეტ/ნაკლებ ფულს საქართველოში - ამ მონაცემებმა შეიძლება გული დაგწყვიტოთ

ქართული ფული

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალოდ, თვიურმა ხარჯებმა 1 127.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7.6 პროცენტით ნაკლებია. ასევე, შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობაც, რაც პირდაპირკავშირშია გადამხდელუნარიანობის შემცირებასთან.

ამის შესახებ ანგარიშს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, “პრაიმტაიმი” მოკლე ანალიზს გთავაზობთ:

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 9.4 პროცენტით შემცირდა და 1 038.5 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 7.4 პროცენტით შემცირდა და 303.3 ლარს გაუტოლდა.

2020 წელს, წინა წელთან შედარებით, შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.1 პროცენტი შეადგინა.

ქვეყნის მოსახლეობის ჯამური ხარჯების მოცულობა ქალაქის ტიპის დასახლებებში 6.5 პროცენტით შემცირდა და 714.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 9.4 პროცენტით შემცირდა და 412.9 მილიონი ლარი შეადგინა.

2020 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი უჭირავს დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლის წილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 47.8 პროცენტი შეადგინა. ასევე 2.0 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი და 9.4 პროცენტს უტოლდება.

ამასთან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის მონაცემებით, სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში კვლავ ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს და 42.1 პროცენტს შეადგენს. 13.7%-იანი წილით მე-2 ადგილზეა – კომუნალური დავალიანებების დასაფარი ხარჯი, მოსახლეობის შემოსავლების 12 % ჯანმრთელობის დაცვა მოდის; ხარჯების 9,8% კი – ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯებს წარმოადგენს, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე 3.7% მიდის, საოჯახო მოხმარების საქონელზე – 3.5%.

მოსახლეობა ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს და ამ ნაწილში დანახარჯი მხოლოდ 2%-ს შეადგენს.