ნათია თურნავა: 2026 წელს ხელმისაწვდომი იქნება საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით დანერგილი მნიშვნელოვანი პროექტები

ნათია თურნავა

„რეგულაციებით ნაკარნახევი ინოვაციების გარდა, ასევე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი,“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

ნათია თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

„მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.