ლარის სიმყარეს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებების ზრდა განაპირობებს - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ლარის სიმყარეს დღესდღეობით არაერთი ფაქტორი განაპირობებს, თუმცა მთავარი ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესება და სავალუტო შემოდინებებია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მთავარი წყარო ექსპორტია, განსაკუთრებით ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტი. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები.

„ლარის სიმყარეს დღესდღეობით ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი არის ჩვენი ე.წ. საგარეო პოზიციის გაუმჯობესება. ეს არის სავალუტო შემოდინებები ბაზარზე. ჩვენ ვყიდულობთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ლარი მყარდება. სავალუტო შემოდინებების ძირითადი არხი არის ექსპორტი, განსაკუთრებით ადგილობრივი. მიუხედავად იმისა, რომ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების რიცხვს არ მივეკუთვნებით, ის მინერალური რესურსები, რაც გაგვაჩნია, კარგი კონიუნქტურით ხასიათდება და კარგად იყიდება საგარეო ბაზარზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საგარეო პოზიციის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მომსახურების ექსპორტსაც, მათ შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო, ლოგისტიკურ და ფინანსურ მომსახურებას.

„მეორე არხი არის ტურიზმიდან შემოსავლები, რომლებიც ძალიან აქტიურად შემოდის. ეს არის ინვესტიციები, რომლებიც კვლავინდებურად სტაბილურია. მთლიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის შესაძლებლობას, რომ დოლარის კარგი მიწოდება იყოს ბაზარზე, გაუმჯობესდეს ჩვენი საგადამხდელო ბალანსი და შემცირდეს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დოლარი რეზერვებში მივმართოთ. ვფიქრობ, ეს პოზიტიური შედეგია“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსა და ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტებზე. მისი განმარტებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოყენება სწორედ ლიკვიდობის სტერილიზაციას ემსახურება, რათა ბაზარზე ჭარბი ლიკვიდობა არ წარმოიქმნას.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ლარის რესურსის ღირებულებას მონეტარული პოლიტიკის 8.25%-იანი განაკვეთი განსაზღვრავს, ხოლო მისი სამომავლო ცვლილება ინფლაციისა და საგარეო შოკების განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„8.25%-ია ლარის რესურსის ღირებულება მთლიანობაში. თუ ინფლაცია და გარე შოკები ნორმალიზდება, ჩამოვწევთ და უფრო იაფი იქნება. თუ გაძლიერდება, მზად ვართ, რომ გავზარდოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

✕