ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი მოგების განაწილებას ახორციელებს საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, ყოველი საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა, ეროვნული ბანკი წმინდა მოგებას ურიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამასთან ერთად, მოგების ნაწილი რჩება ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდში, - განაცხადეს IMF-ის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ მიმოხილვაში ხსენებული დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების შესახებ ეროვნულ ბანკში.

მათივე განმარტებით, გარდა მოგების გადასახადის გადარიცხვისა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, დამატებით სარეზერვო ფონდიდან, განახორციელოს ფინანსური ტრანსფერი მთავრობისათვის.

„მიუხედავად ამ შესაძლებლობისა, პრაქტიკაში მსგავსი გადარიცხვა ეროვნულ ბანკს არ განუხორციელებია. ეროვნული ბანკი მხოლოდ წმინდა მოგების გადანაწილების კუთხით ურიცხავს თანხას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გარე აუდიტის მიერ შემოწმებული და დადასტურებული ფინანსური ანგარიშგება წარმოდგენილია ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშში, რაც ასევე საჯაროდ გამოქვეყნებულია ვებ-საიტზე“, - აცხადებენ სებ-ში.