ეროვნული ბანკი: სექტემბერში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები, აშშ და ისრაელი წარმოადგენდა

ბანკი

სექტემბერში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 10.1%-ით, 285.8 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.5%-ით, 38.2 მლნ აშშ დოლარამდე. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ცენტრალური ბანკის ცნობით, კლებაში წამყვანი კონტრიბუცია რუსეთიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 80.1%-იანი შემცირებით. გზავნილები ევროკავშირიდან 0.6%-ით შემცირდა, ხოლო წვლილმა ზრდაში -0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. 6.2%-იან ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები.

„სექტემბრის ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს 50.2%-იანი წილით ევროკავშირის ქვეყნები, 22.2%-იანი წილით აშშ და 9.2%-იანი წილით ისრაელი წარმოადგენდა. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 2.7%-მდე შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.9%), გერმანიის (10.7%) და საბერძნეთის (9.6%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

✕