ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ეკატერინე მიქაბაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან. შეხვედრები ასევე გაიმართა საკრედიტო სარეიტინგო კომპანიებთან და ინვესტორებთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ხაზი გაესვა მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობასა და სიძლიერეს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია. გარდა ამისა, საუბარი მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს შეეხო.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა სოფრომაძე.

21-26 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.