„იცი, რომ ერთ დილასაც ვეღარ გაუძლებ და ასე შუა სიმღერაში იგრძნობ, გული გაჩერდა...“ - ნიკა ქავთარაძე თავის განცდებზე

nika

იუმორისტი მისთვის უჩვეულო პოსტს აქვეყნებს. აი, რას წერს ნიკა ქავთარაძე ფეისბუქზე.

ნიკა ქავთარაძე: დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, ყოველ დილაუთენია, თვალის გახელისთანავე - პანიკა, შფოთი, შიში, ნერვიულობა, სირცხვილი, დარდი, ღელვა, გამოუვალი მდგომარეობის უმძაფრესი გრძნობა- ამ შეგრძნებების ინტენსიური ტალღები სულ რამდენიმე წამში გფიტავს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წამის წინ გაიღვიძე, ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს ახლა დაწექი საწოლში - მთელი დღის გადაქანცული.

მაგრამ ეს არავინ უნდა გაიგოს და არავინ უნდა იცოდეს. ამიტომ სწრაფად უნდა შემოუძახო თავს, სიმშვიდის ნიღაბი უნდა გაიკეთო და ისე დაიწყო დღე. სიმღერის ღიღინით უნდა შეხვიდე შხაპში.

მაგრამ შხაპის ქვეშ, სრულიად მარტო, სრულიად შიშველი ემოციურად, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედავ და ისე გეცოდება, რომ ტირილს ვერ იკავებ. მაგრამ ხმა რომ არ გაიგონ ოჯახში, ტირი უხმოდ. მერე კი ისევ გადადიხარ სიმღერაში და ბოლოს ისტერიკულ სიცილში.

იცი, რომ ასეთი დილები განგრევს, გხრავს და განადგურებს და იცი, რომ ერთ დილასაც ვეღარ გაუძლებ და ასე შუა სიმღერაში იგრძნობ, რომ გული გაჩერდა. როდის? მალე? ძალიან მალე?არავინ იცის. სიმშვიდეს გისურვებთ! დილა სიმშვიდისა!