საქართველოს ეროვნული ბანკი ივლისის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს

ბანკი

ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის აღქმადობას და აძლიერებს პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას.

"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.

ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას. 

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25% ინარჩუნებს
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს

მაკროეკონომიკური პროგნოზი

ცენტრალური სცენარი 

სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების ფასები მიმდინარე წელს ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად დარჩება

გეოპოლიტიკური ვითარების შედეგად გაზრდილი ენერგორესურსების ფასების გავლენით, 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.2% იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან კი შემცირებას დაიწყებს და 2027 წელს კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდება.
მომატებული ინფლაციური რისკები კვლავ საყურადღებო რჩება

აქედან გამომდინარე, სებ ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.

მაღალინფლაციური სცენარი

ერთი მხრივ, სებ განიხილავს მაღალინფლაციური რისკის სცენარს, რომელიც მოიაზრებს გეოპოლიტიკური ვითარების უფრო მეტად გახანგრძლივებასა და გამწვავებას. ამის ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე სასაქონლო ფასები უფრო მეტად გაიზრდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე გადმოეცემა. შედეგად საქართველოშიც მიწოდების მხრიდან მომდინარე ინფლაციური შოკი გაძლიერდება, რაც მეორე რიგის ეფექტებს გაამწვავებს და საბოლოოდ ინფლაცია ცენტრალურად სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

დაბალინფლაციური სცენარი

დაბალინფლაციური რისკის სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფ დეესკალაციას მოიაზრებს. ასეთ პირობებში, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების წნეხი მოსალოდნელზე ადრე შემცირდება. ამასთან, ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესება შიდა ინფლაციურ წნეხს შეარბილებს, რაც ინფლაციის მიზნობრივ დონემდე დაბრუნებას და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო სწრაფ ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს, თუმცა მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შედარებით მკაცრი პოზიცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ტრაექტორია დამოკიდებული იქნება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის სიძლიერესა და პოტენციურ გავლენაზე. თუ ინფლაციური რისკები, მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.