რუსეთმა წიწიბურას ექსპორტი 6 თვით აკრძალა - როგორ შეიძლება აისახოს გადაწყვეტილება საქართველოზე

წიწიბურა

რუსეთის მთავრობამ წიწიბურას ექსპორტზე ექვსთვიანი დროებითი აკრძალვა დააწესა. შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა, ხოლო შეზღუდვა 2026 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.

ხელისუფლების განმარტებით,  მიზანი შიდა სასურსათო ბაზარზე სიტუაციის სტაბილიზაციაა. წიწიბურა რუსეთის მოსახლეობის კვების რაციონში ერთ-ერთ ძირითად პროდუქტად ითვლება და მაღაზიებში ბურღულეულის გაყიდვების დაახლოებით მესამედს შეადგენს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსავლის შემცირება და ფასების ზრდა:

„როსსტატის“ მონაცემებით, 2025 წელს წიწიბურას მოსავალი 1,2 მილიონი ტონიდან 926 ათას ტონამდე, ხოლო 2026 წელს მისი სათესი ფართობი 708 ათას ჰექტრამდე შემცირდა. ამასთან, 2026 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, გადამამუშავებელ და საწარმოო მარაგებში წიწიბურას მოცულობა წინა წელთან შედარებით 29,4%-ით ნაკლები იყო (130 ათასი ტონა).
საცალო ფასები წლის დასაწყისიდან თითქმის 18%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი მატებამ დაახლოებით 20%-ს მიაღწია. მწარმოებლის ფასები ბურღულეულზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ექვსთვიანი აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ მიწოდებებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო წიწიბურას თითქმის მთელ მოცულობას რუსეთიდან ყიდულობს.

✕