„I said YES!“ - შორენა ბეგაშვილს ხელი სთხოვეს
1771057537
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დივერსიფიცირების მიზნით ჩინურ ფასიან ქაღალდებში თანხის განთავსებას გეგმავს - ამის შესახებ ცნობილი ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება, რომლის თანახმადაც სებ-მა წვდომა მოიპოვა ჩინეთის ობლიგაციების ბანკთაშორის ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM), რომლის მეშვეობითაც ჩინურ ფასიან ქაღალდებში განახორციელებენ ინვესტიციებს.
ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის მდივანს, ლაშა ჯუღელს ესაუბრა.
„ეს არის ჩვეულებრივი დივერსიფიკაციის მიზნით გაკეთებული წვდომა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოიპოვა. ჩვენთვის ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ჩინეთის ობლიგაციების შიდა ბაზარზე წვდომას გულისხმობს, რაც ხელსაყრელი პირობების მომტანი იქნება ინვესტორისთვის და საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. ჩინეთის ობლიგაციების ბაზარი ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში და მასზე ასეთი პირდაპირი წვდომის მოპოვება დადებითი ფაქტორია.
ცენტრალური ბანკებისთვის ეს უცხო არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ბანკები არიან ამ ბაზარზე. ჩვენი რეგიონისთვისაც არ არის უცხო აღნიშნულ ბაზარზე მოქმედება, მაგალითად აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდი 2015-2016 წლიდან მოქმედებს ობლიგაციების ბაზარზე.
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რატომ არის მიმზიდველი ჩინეთის ბაზარი. ამას რამდენიმე რამ განაპირობებს:
პირველი არის სტრატეგიული დივერსიფიცირება, რის საშუალებასაც ეს ბაზარი იძლევა. ჩინეთის ეკონომიკური ციკლი განსხვავდება ძირითადი მსხვილი ბაზრებისგან, რომლებიც ჩვენთვის უფრო ჩვეულ ბაზრებად სახელდება. იმისათვის, რომ რისკები უკეთესად გადანაწილდეს, სტრატეგიული დივერსიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ციკლი განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
ასევე მნიშვნელოვანია ბაზრის სიდიდე და ლიკვიდობა. 27 ტრილიონამდე უნდა იყოს ობლიგაციების ბაზრის მოცულობა. ეს საშუალებას აძლევს ინვესტორს, რომ მსხვილი ტრანზაქციები განახორციელოს ბაზარზე.
სავარაუდოდ, ეს მცირე ინვესტიცია იქნება, რადგან ჩვენი ქვეყნის ფინანსური ვალდებულებები არის ძირითადად ევროში და დოლარში. შესაბამისად ეს რეზერვები უნდა მიჰყვებოდეს ამ ვალუტას. თუმცა, სხვა ვალუტაში ინვესტირებაც ჩვეულებრივი ამბავია დივერსიფიცირებისთვის. მოვლენების განვითარება დაგვანახებს რა როგორ იქნება.
ზოგადად, ჩინური იუანი ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ვალუტაა მსოფლიო დონეზე ეკონომიკის სიდიდიდან გამომდინარე. დივერსიფიცირებაზე როცა ვსაუბრობთ, საჭიროა რისკი სხვადასხვა კალათებში გადანაწილდეს“,- განაცხადა ლაშა ჯუღელმა.