Delfi Lithuania-მ აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელი სტატია მიუძღვნა

ბათუმი

ლიეტუვას ერთ-ერთმა წამყვანმა ონლაინმედია პლატფორმამ Delfi Lithuania აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ზღვისპირა რეგიონი მკითხველისთვის ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებადაა წარმოჩენილი.

სტატია ბათუმს არა მხოლოდ საზღვაო კურორტად, არამედ აჭარის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და გასტრონომიის აღმოჩენის საწყის წერტილად წარმოაჩენს. მასალა მკითხველს აცნობს ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ არქიტექტურას, ზღვისპირა ინფრასტრუქტურას, აჭარის დაცულ ტერიტორიებს, მთიან რეგიონს, ადგილობრივ სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის შესაძლებლობებს.

„საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის რამდენიმე სიტყვით აღწერა რთულია. მისი უნიკალური კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ამ მხარეში მოგზაურობას საქართველოს გაცნობის შესანიშნავ შესაძლებლობად აქცევს,“ წერს Delfi.lt.

სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკო და სათავგადასავლო ტურიზმს. Delfi.lt მკითხველს აცნობს მტირალას ეროვნულ პარკს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მთიან აჭარას და რეგიონში არსებულ საფეხმავლო და საველოსიპედე მარშრუტებს. გამოცემა ასევე საუბრობს ჯომარდობის, კანიონინგის, ცხენით ჯირითისა და ჩირუხის მთაზე არსებული ზიპლაინის შესაძლებლობებზე.

ბათუმის ურბანულ გარემოზე საუბრისას ავტორი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურის თანაარსებობას გამოყოფს — ისტორიული ბათუმიდან თანამედროვე ცათამბჯენებამდე. ,,ბათუმში დაბრუნებისას კონტრასტები არსად ქრება — ამჯერად მათ ბუნება კი არა, თავად ქალაქი ქმნის. ძველ ბათუმში შემორჩენილი XIX საუკუნის შენობები, მორთული ფასადებითა და აივნებით, იმ ეპოქას გვახსენებს, როდესაც ქალაქი შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტის სახით ვითარდებოდა. თუმცა, საკმარისია რამდენიმე ქუჩა გაიარო და ქალაქის იერსახეს უკვე მინის ცათამბჯენები და თანამედროვე არქიტექტურა ცვლის“.

Delfi.lt-ის მასალაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება აჭარულ სამზარეულოზე. გამოცემა მკითხველს აცნობს აჭარულ ხაჭაპურს, ბორანოს, სინორსა და ჩირბულს, ასევე ქართული სუფრისა და ღვინის კულტურას. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მეღვინეობის მრავალათასწლოვანი ისტორია და აჭარის ადგილობრივი ვაზის ჯიშები — ჩხავერი და ქედის ცოლიკაური.

გამოცემა ბათუმსა და აჭარას ოთხივე სეზონის მიმართულებად წარმოაჩენს. ზაფხულის საზღვაო დასვენებასთან ერთად, სტატია ყურადღებას უთმობს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნებრივ და გასტრონომიულ შესაძლებლობებს, ასევე ზამთარში მთიან აჭარასა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტს.

სტატიის დასკვნით ნაწილში Delfi.lt ბათუმისა და აჭარის მთავარ უპირატესობად ერთ რეგიონში განსხვავებული ტურისტული გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას ასახელებს. „მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შესაძლებლობა, ერთ რეგიონში საქართველოს სრულიად განსხვავებული მხარეები აღმოაჩინოთ — ცოცხალი ზღვისპირა ქალაქიდან აჭარის მთებამდე, მდინარეებსა და ხშირ ტყეებში დამალულ ჩანჩქერებამდე.“

Delfi Lithuania (Delfi.lt) ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ონლაინმედია პლატფორმაა, რომელსაც ყოველთვიურად საშუალოდ 700 000 რეალური მომხმარებელი ჰყავს.

იხილეთ სტატია - https://www.delfi.lt/keliones/platus-pasaulis/milijonus-turistu-pritraukiantis-sakartvelo-kurortas-batumis-pajuris-tik-viena-is-priezasciu-cia-atvykti-120295523

✕