1744370434
აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებმა მწვანე ელექტროენერგიისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროებს შორის მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში მხარეებს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებას ერთობლივი მწვანე ელექტროენერგიის პროექტების წახალისების, შესაბამისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შექმნის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარების, ასევე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივების მხარდაჭერის გზით.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობა ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო ინფრასტრუქტურის სფეროში.
„აღნიშნული სახმელეთო კორიდორის განვითარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტების მეშვეობით, ასევე გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ენერგობაზრების დივერსიფიცირებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მემორანდუმის თანახმად, სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება, რომელიც შეიმუშავებს თანამშრომლობის ერთობლივ გეგმებს და ზედამხედველობას გაუწევს მათ განხორციელებასა და ანალიზს.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.