ვინ იმგზავრებს უფასოდ და რამდენი ადამიანისთვის შეიძლება მიკროავტობუსში ფეხზე დგომა

ლურჯი მიკროავტობუსი

ბოლო პერიოდში მეტროში რამდენჯერმე შეიქმნა გადაადგილების პრობლემა. ახლა, როცა უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლა დაიწყო და მგზავრთა ნაკადი კიდევ უფრო გაიზარდა.

დღეს თბილისის ქუჩებსა და მეტროში გადაადგილება ფაქტობრივად სრულად შეზღუდული იყო. მოსწავლეების მშობლები ამბობდნენ, რომ სახლიდან საათნახევრით ადრე გამოვიდნენ, მაგრამ  პარალიზებული მოძრაობის გამო, მოსწავლეებმა სკოლაში მაინც დააგვიანეს.

სამარშრუტო ტაქსებში თავდაპირველად მგზავრთა ფეხზე დაყენება აკრძალული იყო. თუმცა, შემდეგ ეს მოთხოვნა მოიხსნა და მძღოლებს მხოლოდ 5 ადამიანის ფეხზე დაყენების უფლებას აძლევდნენ.

„ოფიციალურად, მგზავრთა ფეხზე დგომა არცერთ მიკროავტობუსში არ არის დაშვებული. თუმცა, მაღალი მოთხოვნის გამო იმ მარშრუტებზე, სადაც განსაკუთრებით დიდი ნაკადია, გამონაკლისის სახით, მხოლოდ 5 ადამიანის ფეხზე დაყენების უფლებას ვაძლევთ. უფრო მეტი ადამიანის ფეხზე დაყენება არ შეიძლება, რადგანაც ამ შემთხვევაში მგზავრობა უსაფრთხო აღარ იქნება.

თუ მძღოლი ამ წესს დაარღვევს, მგზავრს შეუძლია, დაგვიკავშირდეს, მოგვაწოდოს შესაბამისი მიკროავტობუსის სახელმწიფო ნომერი და მძღოლი დაჯარიმდება." - ამბობენ „თბილისის მიკროავტობუსებში".

თბილისის მასშტაბით უფასოდ იმგზავრებენ:

თბილისში რეგისტრირებულ ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირებს და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე ნებისმიერ პირს, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში მონაწილე უსინათლო პირთა გამცილებლებს;

თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის მფრინავებს, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ რეისებს საომარი მოქმედების ზონაში;

თბილისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს;

თბილისში რეგისტრირებულ სამხედრო ძალების ვეტერანებს;

თბილისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს;

თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორებსა და ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს;

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ "თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართულ თბილისში მცხოვრებ ყოფილი პატიმრების სტატუსის მქონე პირებს;

შპს "თბილსერვის ჯგუფში" მომუშავე დამგველებს, მეეზოვეებს, სპეც. მორიგე ბრიგადების დამგველებს, მუშებს, დამხმარე მუშებს და მძღოლებს;

შპს "ჰერმესში" მომუშავე ტექნიკურ მუშაკებს (მესაფლავეებს);

ქალაქ თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც თბილისში არიან რეგისტრირებულნი;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის" თანამშრომლებს.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "სოციალური მზრუნველობის სააგენტოს" თანამშრომლებს.