სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში სკვერი ეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში სკვერი ეწყობა

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. პროექტი ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე, თრიალეთის ქუჩის მიმდებარედ, ერთ ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება.

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ეს არის საცხოვრებელ კორპუსებს შორის არსებული სივრცე. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის, რადგან 40 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა, რომელიც ძალიან დიდ ფართს იკავებდა. ტერიტორიაზე ბავშვებისთვის განთავსდება ატრაქციონები, ეწყობა სასეირნო ბილიკები. ასევე, განვათავსებთ ტრენაჟორებს, რისთვისაც ცალკე სივრცე გამოიყოფა. დაიხაზება საპარკინგე ადგილებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას გავაგრძელებთ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე იმყოფებოდნენ.