როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსამართლოდ დაგაჯარიმეს

ავტობუსი

ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების შემდეგ უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი გაიზარდა, მიზეზი ერთია, ისინი ამბობენ რომ მგზავრობისას ბარათით თანხა გადაიხადეს, მაგრამ კონტროლიორების აპარატმა აჩვენა, რომ გადახდა დაფიქსირებული არ იყო.

ამასთანავე ხშირია შემთხვევა, როდესაც ბანკი გადახდის დამადასტურებელ ესემეს გვიან აგზავნის. შესაბამისად, ადამიანები გადახდის დასადასტურებლად ვერც მას იყენებენ.

იმისათვის რომ გაუგებრობას თავი აარიდოთ, "შესაბამისი ჯარიმა შეგიძლიათ 10 კალენდარული დღის განმავლობაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10-ის ნახევრიდან 18 საათზემდე გაასაჩივროთ. 13:00-დან 14:00 საათამდე შესვენებაა. უნდა წარადგინოთ საბანკო ამონაწერი, სადაც დასტურდება, რომ თანხა გადახდილი გაქვთ, ხოლო თუ სამგზავრო ბარათი გაქვთ და ვერ ახერხებთ დადასტურებას, რომ თანხა ნამდვილად გადაიხადეთ, განცხადების დაწერის შემდეგ, თავად კომპანია დაიწყებს მოკვლევას." - ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

კომპანიის მისამართია: სადგურის მოედანი, ნომერი 2.

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ იმგზავრებთ, ჯარიმის სახით 20 ლარის გადახდა მოგიწევთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებული კანონმდებლობით, მგზავრმა ბილეთი სატრანსპორტო საშუალებაში ასვლისთანავე უნდა გადაიხადოს.