პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
როდესაც გვაქვს საშუალება, ცარიელ მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი, იმისთვის, რომ ის შემდგომში ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებს შევთავაზოთ, ამ მშენებლობისთვის არ გვჭირდება არავის თანხმობა. ახალაშენებული კორპუსის შეთავაზების შემთხვევაში თუ ავარიული სახლის მობინადრეები თანხმობას არ მოგვცემენ, ცხადია, არავითარი გაცვლა არ მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამასთან დაკავშირებით, მინდა, განცხადების გაკეთება. იცით, რომ ეს პროგრამა ერთი წლის წინ დავიწყეთ, წარმატებით ხორციელდება და ითვალისწინებს ავარიული სახლების დემონტაჟს, მის ადგილზე სახლის აშენებას და სახლის მესაკუთრეებისთვის ახალაშენებულ კორპუსში გარემონტებული ფართების გადაცემას.
ცხადია, ეს პროექტი ხორციელდება მხოლოდ მესაკუთრეთა თანხმობით და ამ თანხმობის გარეშე ჩვენ ვერავის საკუთრებას ვერ შევეხებით. ამ მოდელის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა.
ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან მუნიციპალიტეტი თავის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენებს კორპუსს, რათა შემდგომში შესთავაზოს აშენებული ან მშენებარე კორპუსი ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ.
იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, სხვა ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს შეეთავაზებათ ახალ კორპუსში გადასვლა. ამ ცვლილების მიზანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეუფერხებლად, რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები. რატომ განვმარტავ ამას: არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანები, ასევე პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს ამ ცვლილებების მიზანია, ხალხის ნების გარეშე ჩავანაცვლოთ მათი კუთვნილი ფართები. როგორ შეიძლება ამის დაშვება ან როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლე მისი თანხმობის გარეშე, კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ და ალტერნატიული ფართი გადავცეთ?! ცხადია, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სიცრუე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გვაქვს საშუალება, ცარიელ მიწის ნაკვეთზე ავაშენოთ კორპუსი, იმისთვის, რომ ის შემდგომში ავარიული კორპუსის მაცხოვრებლებს შევთავაზოთ, ამ მშენებლობისთვის არ გვჭირდება არავის თანხმობა. ახალაშენებული კორპუსის შეთავაზების შემთხვევაში თუ ავარიული სახლის მობინადრეები თანხმობას არ მოგვცემენ, ცხადია, არავითარი გაცვლა არ მოხდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.